ახალი ამბები

ივანიშვილი: არ გამიგია კოტე კუბლაშვილზე, რომ ის არის დიდი მექრთამე

14 მარტი, 2013 • 1522
ივანიშვილი: არ გამიგია კოტე კუბლაშვილზე, რომ ის არის დიდი მექრთამე

ივანიშვილის თქმით, ეს მისი გამოსვლის “სუსტი ადგილია”, თუმცა მან დღეს განმარტა, თუ რა იგულისხმა თავის განცხადებებში:

 

“მერიდება ცოტა, მე ვიცი, რომ კუბლაშვილს ჰქონდა რაღაც სერიოზული დაავადება, ძალიან მერიდება ახლა, რაღაც ჭორების დონეზე ჩავედი, მაგრამ ვგულისხმობდი მე იმას, რომ მას დაეხმარა პირადად სააკაშვილი და ის ძალიან ვალდებულების გრძნობით იყო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, კოტე კუბლაშვილი არის სააკაშვილის იდეოლოგიის და მისი სისტემის მსხვერპლი: 

 

ბიძინა ივანიშვილი და კონსტანტინე კუბლაშვილი/ფოტო: პრემიერის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი და კონსტანტინე კუბლაშვილი/ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

“მეც მსხვერპლი ვიყავი 2,5 წელიწადი, მეც ვერ ვაცნობიერებდი კარგად, ვისთან მქონდა საქმე და ცოტა უფრო მეტიც. შესაბამისად,  მე არ გამიგია კუბლაშვილზე, როდესაც ამას ვამბობ, რომ ის არის დიდი მექრთამე, რომ ეს არის ძალიან მდიდარი ადამიანი. ის უბრალოდ ვერ ახერხებდა უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის და იმ სისტემისთვის, რომელიც მოხერხდა და ჩამოყალობდა საქართველოში და ეს არ მოხდა ერთ დღეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, “სასამართლოში, იმ ნაწილში, რომელიც არ ეხებოდა პოლიტიკას, მართლაც ბევრი ძალიან კარგი რამ გაკეთდა. მაგრამ ის, რაც მიდიოდა სააკაშვილის ინტერესებადე, ვერ ხერხდებოდა ძალიან ხშირად მისი დაცვა და ამაში მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საზოგადოების ბრალეულობა და არა მარტო ბატონი კოტესი და სხვა მოსამართლეების ბრალეულობა.”

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მომხრეა შენარჩუნებული იქნას სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის სასამართლო სისტემა: 

 

“თუ სასამართლო არ გვექნა, სამართალი არ იქნა ქვეყანაში, ახლა ამის თავიდან ბოლომდე ნგრევა და სულ თავიდან დაწყება, რა თქმა უნდა, არ არის საინტერესო. მე მიმაჩნია, რომ ის არის პროფესიონალი, მას აქვს დიდი გამოცდილება, მას აქვს ბევრი კარგი გაკეთებული, მაგრამ ის ვერ უმკლავდებოდა რაღაც პროცესებში და ვერ ახერხებდა დაეჭირა პოზიცია. ჩემი დიდი სურვილია, რომ, რა თქმა უნდა, კოტე კუბლაშვილმა დაასრულოს თავისი ვადა. გასაგებია, რომ იყო პრობლემები, ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ამაშიც ჩვენი ბრალეულობაა. ჩვენ შევეცადოთ შევინარჩუნოთ ჩვენი ნიჭიერი კადრი. მას დიდი გამოცდილება აქვს, ისიც, მისი ძმაც, პავლე კუბლაშვილი ინტელექტუალები არიან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი