გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, კომპანიის ,,Georgian American Alloys” აქციონერმა და წარმომადგენელმა ურიელ ლაბირმა და შპს. “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა 14 ივნისს დროში გაწერილი საშუალოვადიანი გარემოსდაცვითი გეგმა წარმოადგინა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გეგმა, ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, ნიკოლოზ ჩიქოვანმა სასამართლოსაც წარუდგინა.
სამინისტროს ცნობით, კომპანიის დამფუძნებლები, მესაკუთრეები და წარმომადგენლები სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე.
“ამასთან, მათი მხრიდან კარგად იქნა გააზრებული ლიცენზიითა და ნებართვით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების მნიშვნელობა რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ მათი შესრულება განსახორციელებელი გეგმის შესაბამისად”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა 2017-2019 წელბზეა გაწერილი.
გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა
2017 წელი
[checklist]
- უკვე დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით;
- დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით;
- განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით;
- მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის;
- მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები.
[/checklist]
2018-2019 წლები
[checklist]
- 2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით;
- დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი;
- უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქ. ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან.
[/checklist]
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნეს.
სამინისტროს ცნობით, კომპანიის როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი აქტივობების ეფექტური განხორციელებისთვის შეიქმნა ეკოლოგიური სამსახური, რომელიც სრულ მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგეგმილი სამუშაოების ნებისმიერი მიზეზით შეფერხება და დროულად იქნეს აღმოფხვრილი ყველა ხელის შემშლელი გარემოება. ასევე, კომპანია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას.
“ასევე აღსანიშნავია,, რომ შეწყდა გადახსნა-მოპოვებითი სამუშაოები აკ. წერეთლის სახ. მაღაროს ე.წ „საშევარდნოს“ კარიერზე, რადგან ამ კარიერზე ოპერირება გაუმართლებლად დიდ ზიანს აყენებდა რაიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ვიდრე კომპანიის სხვა ობიექტები. დახურვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე მხედველობაში იქნა მიღებული არა მარტო არსებული ეკოლოგიური ზიანი, არამედ ის რისკებიც, რომლებიც თან სდევდა კარიერის დამუშავებას, როგორც ზოგადი ეკოლოგიური, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოების, მათ შორის ღვარცოფების წარმოქმნის კუთხით”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.