თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, 14 ივნისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცინცაძე–კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი არის 87 ხე–მცენარის შენარჩუნება.
თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო მოძრაობის დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, პირადად მიიღო გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების შესახებ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრში 87 ხე–მცენარის მოჭრას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვებოდა.
„უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ ცინცაძე–კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ხელოვნურად შეაჩერა და ამის მიზეზი კერძო მესაკუთრე იყო. გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კომპანია “ზიმოს”, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვს, ახალი ესტაკადის ასაშენებლად თბილისის მერიამ ერთი მილიონი ლარი ერთ წლის წინ გადაურიცხა, თუმცა ესტაკადის მშენებლობა არ დაწყებულა.
“ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი კი საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილია. ტერიტორია, სადაც გზამ უნდა გაიაროს, მას ეკუთვნის და თბილისის მერიას არ აძლევს”, – იუწყება რუსთავი 2.
დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოების დაწყებამდე დაგეგმილი იყო ტერიტორიაზე არსებული ხე–მცენარეების მოჭრაც და გადარგვაც, თუმცა, სპეციალისტების აზრით, გადარგვის შედეგად დიდი ალბათობით მცენარეების უმრავლესობა გახმებოდა.
“უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, მოგვეჭრა 87 ხე– მცენარე და აგვეშენებინა ესტაკადა, თუ შეგვენარჩუნებინა არსებული ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ „ზიმოსთვის“ ავანსად გადარიცხული იყო მილიონი ლარი, მაგრამ ეს იყო გაცემული შესაბამისი საბანკო გარანტიით, პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება, ხეების შენარჩუნების მიზნით ცინცაძე–კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, პროექტის შეჩერებას კავშირი არ აქვს კერძო საკუთრებასთან.
რაც შეეხება წინასწარ ავანსის გადარიცხვას, დავით ნარმანიას განცხადებით, ავანსი არის შესაბამისი საბანკო გარანტიით გაცემული, რაც საბიუჯეტო თანხის დაკარგვას გამორიცხავს და უახლოეს დღეებში თანხა კომპანია „ზიმოს“ მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნდება.