ახალი ამბები

რას უკავშირდება შპს “სვეტის” დირექტორის გატაცება

13 ივნისი, 2017 •
რას უკავშირდება შპს “სვეტის” დირექტორის გატაცება

შპს “სვეტის” ერთ-ერთი დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ამბობს, რომ კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი და, ამავდროულად, დამფუძნებლი გივი ჯიბლაძე იმ კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელთან დაახლოებულმა პირმა გაიტაცა, რომელთანაც “სვეტს” კონტრაქტი აქვს.

თორნიკე ჯანელიძე კომპანიას არ ასახელებს. იგი ამბობს, რომ მომხდარი კომპანიასთან თანამშრომლობაზე არ აისახება. მისივე თქმით, შპს “სვეტს”, რომელიც სამშენებლო კომპანიაა, ვალდებულებები აქვს აღებული ადამიანების წინაშე, რომლებსაც ბინები შეძენილი აქვთ:

“ჩვენ ვპარტნიორობთ, შესასრულებელია სამუშაოები, რადგან ხალხს შეძენილი აქვს ბინები, ეს პროცესები გაგრძელდება, არავინ დაზარალდება. ბუნებრივია, ჩვენს კომპანიას აქვს ვალდებულებები შესასრულებელი, რომლის შესრულებასაც გავაგრძელებთ, ეს ფაქტი სხვა სახის ურთიერთობებზე არ აისახება”,-  ამბობს თორნიკე ჯანელიძე.

მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ამ კომპანიის მენეჯმენტში მყოფი ადამიანებიც არ ყოფილან ინფორმირებული გატაცების შესახებ და მიაჩნია, რომ მომხდარი ცალკეული პიროვნებების ფინანსურ ინტერესებს უკავშირდება:

“არა მგონია, ბევრი დაეთანხმოს  მსგავსი გზებით რაიმე მიზნის მიღწევას საქართველოში, მით უმეტეს, კომპანიებში”,- ამბობს ის.

გივი ჯიბლაძეს გამტაცებლები  150 000 აშშ დოლარსა და თავისი კუთვნილი, 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. გივი ჯიბლაძე თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ჯიბლაძემ პოლიციას მიმართა. შსს-მ კი 12 ივნისს გამოძალვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რასაც ჯიბლაძისგან გამტაცებლები ითხოვდნენ, სწორედ იგივე შეთანხმებაა დადებული “სვეტსა” და იმ კომპანიას შორის, რომლებთანაც გამტაცებლები არიან დაკავშირებული. თორნიკე ჯანელიძის თქმით, ხელშეკრულების თანახმად, ამ კომპანიას 150 000 აშშ დოლარი და გარკვეული ფართი უნდა გადაეცეს ბაკურიანში, მას შემდეგ, რაც სამშენებლო ნებართვას მიიღებს შპს “სვეტი”.

მომხდართან დაკავშირებით თავად გივი ჯიბლაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბაკურიანში არსებული მიწა რუსეთში მცხოვრებ მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს ეკუთვნოდა. თორნიკე ჯანელიძე ამბობს, რომ წერეთელი მომხდართან არავითარ კავშირიში არაა:

“ზურაბ წერეთლის ჩართვა საიდან მოხდა ამ ურთიერთობებში, ამას საერთოდ ვერ ვხვდები, ზურაბ წერეთელი ადრე იყო ერთ-ერთ კომპანიასთან დაკავშირებული რომელიც ფლობდა მიწას ბაკურიანში, თუმცა დღეს ეს კავშირი არ არსებობს. რატომ გაიპარა ეს ინფორმაცია ასე ცუდად, ამას ვერ ვხვდები ვერც მე”.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი