ახალი ამბები

ასათიანი: პრობლემა არა ჩემი გადაცემის დახურვა, არამედ ის საფრთხეა, რის წინაშეც საზმაუ დგას

13 ივნისი, 2017 • 4962
ასათიანი: პრობლემა არა ჩემი გადაცემის დახურვა, არამედ ის საფრთხეა, რის წინაშეც საზმაუ დგას

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი სალომე ასათიანი ამბობს, რომ მთავარი ამბავი არა მისი გადაცემის, “ინტერview”-ს დახურვა, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებია.

” ჩემთვის ამ პროცესში მთავარი იყო ის, რომ ჩვენი, თუნდაც ძალიან მცირე, მაგრამ მაინც წვლილი შეგვქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და ინსტიტუტის განვითარებაში. ეს იდეა ჩემთვის ლამის საკრალურობამდე ძვირფასია. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მენეჯმენტის შეცვლისთანავე ჩემთვის უკვე ცხადი გახდა, რომ მთავარ პირობას – მმართველ პოლიტიკურ კლასთან კრიტიკული დისტანციის შენარჩუნებას – ეს მაუწყებელი ვეღარ შეძლებდა. ამ ყველაფერში მთავარი პრობლემა არა “ჩემი გადაცემის დახურვა”, არამედ ის საფრთხეა, რომლის წინაშეც საზმაუ დგას ახლა”, – ამბობს სალომე ასათიანი.

სალომე ასათიანის თქმით, “ინტერVIEW”-ს მიზანი იყო, ყოფილიყო დისტანცირებული; მწვავე, უკომპრომისო და სერიოზული საუბრები ჰქონოდა ე.წ. ძალაუფლების “ღერძებთან” – მთავრობასთან, ოპოზიციასთან, რელიგიურთან, საზოგადოებრივთან. ამავე დროს, იმ ადამიანების და ჯგუფების პრობლემები გაეშუქებინა, რომელთა ხმაც ხშირად ვერ აღწევს საჯარო სივრცეში – უმცირესობების, ეკონომიკური უსამართლობის შედეგად ჩაგრული ხალხის.

სალომე ასათიანი თქმით, მათ ასევე სურდათ, რომ რაც შეიძლება ხშირად მოეწვია უცხოელი ინტელექტუალები, ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები, ხელოვანები და მათთან ერთად სიღრმისეულად განეხილა დასავლეთის პოლიტიკაში, აკადემიაში, კულტურაში მიმდინარე დისკუსიები თუ პროცესები – საინტერესო წიგნები, სპექტაკლები, მოსაზრებები.

“სწორედ ამ მიზნებისთვის ვმუშაობდით ბევრს და პატიოსნად. მესმის, რომ უმეტესობას, ვინც ეს გადაცემა იცის, პირველ რიგში, “ივანიშვილთან ინტერვიუ” ახსენდება ხოლმე – რადგან სწორედ მაშინ ველაპარაკეთ ძალაუფლების მთავარ “ღერძს”, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ ასეთივე უკომპრომისობას ვცდილობდით ყველა სხვა შემთხვევაშიც, როცა ჩვენი სტუმარი პოლიტიკოსი ან საზოგადოების წინაშე რაიმე ფორმით ანგარიშვალდებული პირი იყო”, – წერს სალომე ასათიანი.

დღეს, 13 ივნისს, რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავათ კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ  მათ წერილობით მიიღეს შეტყობინება, რომ გოგი გვახარიას გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერview” მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.

კაკაბაძის განცხადებით, გადაცემების დახურვის მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი