სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არ შეიძლება აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა, საკითხი აუცილებლად სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და არ უნდა დაირღვეს ათასობით სტუდენტის განათლების უფლება.
“საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი გააკეთებს სპეციალურ განცხადებას და აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გააცნობს ფართო საზოგადოებას,”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიმდინარე წლის 12 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ გაუუქმა.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ თუ დოკუმენტაციაში, რომელიც აგრარულმა უნივერსიტეტმა ცენტრს წარუდგინა, გამოსწორდება ის ხარვეზები, რომელიც სამართლებრივად ზღუდავს ავტორიზაციის მინიჭებას უმაღლესი სასწავლებლისთვის, უნივერსიტეტი ავტორიზაციას მიიღებს.