ახალი ამბები

კბილაშვილი საგაზაფხულო ხვნის სამუშაოების დაწყებას დაესწრო

12 მარტი, 2013 •
კბილაშვილი საგაზაფხულო ხვნის სამუშაოების დაწყებას დაესწრო

გენერალური პროკურორი სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძესთან ერთად  12 მარტს ბაღდათის რაიონში იმყოფებოდა.

არჩილ კბილაშვილი სწორედ ბაღდათის მაჟორიტარი იყო გენერალურ პროკურორობამდე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ მინისტრი დავით კირვალიძე და გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი ბაღდათის რაიონში მუნიციპლიტეტების რწმუნებებულებსა და სოფლის გამგებლებს შეხვდნენ.

დავით კირვალიძემ შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული – მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პრესსამსახური ასევე ავრცელებს კბილაშვილის კომენტარს:

„მართალია, ძალიან მცირე დროით, მაგრამ მე ვიყავი ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდეს. დღევნადელ შეხვედრაზე სოფლის მეურნების მინისტრთან ერთად ჩვენ განვიხილეთ და მოსახლეობას გავაცანით საგაზაფხულო პროგრამის დეტალები. ეს მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა ახორციელებს“ – განაცხადა არჩილ კბილაშილმა.


12 მარტს გენერალური  პროკურორი და სოფლის მეურნეობის  მინისიტრი სოფელ დიმში მოსახლეობას  შეხვდნენ, რაიონში არსებული პრობლემების შესახებ პირადად მათგან მოისმინეს და ადგილობრივ მკვიდრებს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები გააცნეს. დავით კირვალიძე და არჩილ კბილაშვილი საგაზაფხულო ხვნის სამუშაოების დაწყებასაც დაესწრნენ.


„ეს პროგრამა და კერძოდ ეს სამუშაოები, არის წინასაარჩევნო დაპირების შესრულების ნაწილი. მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა ქვემო ქართლიდან დაიწყო და აგროვადების გათვალისწინებით ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. იმერეთის რეგიონში ბარათების დარიგების პირველი ეტაპი დასრულებულია. დღეს კი ბაღდათის რაიონში უკვე პირველი ფართობები მოიხნა,“- განაცხადა დავით კირვალიძემ.

ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კახეთის რეაბილიტაციის პროექტს ხელმძღვანელობდა.


ამჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა  თეა წულიკიანმა ახალი მთავრობის 100-დღიანი მუშაობის  შეაჯამებისას 13 თებერვალს განაცხადა:


„მე დამხვდა სამინისტრო, სადაც მთავარი აქცენტი კეთდებოდა სამშენებლო სამუშაოებზე და ჩემი წინამორბედი პრაქტიკულად ორი რამით იყო დაკავებული – ბათუმის, სიღნაღის (ზოგადად კახეთის), ლაზიკის და სხვა ამგვარი სამშენებლო პროექტების უშუალო ხელმძღვანელობა. სამინისტროს მე-9 სართულზე, სადაც მინისტრის კაბინეტია, კარადაში სხვადასხვა არქიტექტურული პროექტების ესკიზები დღესაც ინახება, რომლებსაც მე ალბათ მომავალში საქართველოს ერთ-ერთ რომელიმე მუზეუმს გადავცემ. ჩემი წინამორბედის საქმიანობის მეორე მთავარი მიმართულება პროკურატურა და სადამსჯელო ღონისძიებები იყო. ამიტომ მე, პირველ რიგში, აქცენტების შეცვლაზე ზრუნვა მომიწია“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი