ახალი ამბები

როგორ გვიყურებენ დანიიდან – რას ითვალისწინებს საქართველოს დახმარების პროგრამა

13 ივნისი, 2017 • 3695
როგორ გვიყურებენ დანიიდან – რას ითვალისწინებს საქართველოს დახმარების პროგრამა

დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის (DANEP) ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. მისი ორი მთავარი მიზანია საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა, ასევე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

თანამშრომლობის მთავარი მიზნები საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა, ასევე მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იქნება. ჯამში, დანია 800 მლნ. დანიურ კრონს გამოყოფს, რაც დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 100 მლნ. ევროზე მეტია. ამ თანხის 70% უკრაინაში მიმდინარე პროექტებს მოხმარდება, 30% კი- საქართველოს. DANEP ასევე შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs), მათ შორის გენდერული თანასწორობის, გარემოს დაცვის, სამუშაო პირობებისა და ეკონომიკის განვითარების, ასევე, სასამართლოსა და სხვა ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ დასახულ მიზნებთან. ასევე, პროგრამის ნაწილია UN-ის მე-17 მიზანი, რაც გლობალური პარტნიორობის განვითარებასაც მოიცავს.

დანიის საგარეო უწყების განცხადებით, დანია ითვალისწინებს უკრაინისა და საქართველოს მნიშვნელოვან საჭიროებებს და გამოყოფს რიგ ამოცანებს, რომლებისთვისაც ყოველწიული, განმეორებადი ხასიათის პროგრამებს დაგეგმავს – პროგრამები იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, გენდერული საკითხების, ადამანის უფლებების, ანტიკორუფციული, დეცენტრალიზაციის, ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და ენერგეტიკის სფეროებში.

დანიური მხარე ასევე აღნიშნავს განვითარების იმ შედეგებს, რომლებსაც უკრიანამ და საქართველომ 1990-იანი წლებიდან მიაღწიეს, თუმცა რჩება პრობლემური საკითხები. მთავარ პრობლემად ცენტრალიზებულ მმართველობასა და ინსტიტუციებს მიიჩნევენ.

“ენერგეტიკის სისტემა არის არაეფექტური და არსებობს გარემოს დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი. ორივე ქვეყანაში მედია ზეწოლის ქვეშაა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს მუშოაბა, რათა მოიპოვოს და ითამაშოს თავისი როლი სოციალური განვითარების პროცესში. კორუფციიის მაღალი დონე ცალკე მდგომი დიდი პრობლემაა. თუ საქართველომ ამ კუთხით გასაოცრად შორს წავიდა, უკრაინისათვის ამ პრობლემის გადაჭრა კვლავ მძიმე შრომას მოითხოვს.” – ვკითხულობთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2017 წლიდან საქართველოსა და უკრაინაში დანიის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამის რიგით მეოთხე ფაზა დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. ის ამ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს და ამ დრომდე 7 ქვეყანას დაეხმარა.

ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი. 15.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოება – საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი. 15.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელი, ევროპათმცოდნე ვანო ჩხიკვაძე შესაბამისი დოკუმენტის მიღებას პოზიტიურად აფასებ და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსება მცირდება, ასეთი სახის დახმარება დააბალანსებს ვითარებას. ასევე ის ფაქტიც, რომ დანია გამოხატავს საქართველოს მიმართ ასეთ ინტერესს მისასალმებელია.

“არის ისეთი სიგნალები, რომ დონორების მხრიდან დაფინანსებები მცირდება, იმავე აშშ-ის და სხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ამ შემცირების ფონზე სხვა ქვეყნის მხრიდან დახმარება საქართველოსათვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, რომ მსგავსი სახის ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ, მნიშვნელოვანია. ეს არის საქართველოს დანიაში წარმომადგენლობის დამსახურებაც.” – ამბობს ჩხვიკვიძე.

ჩხიკვაძის თქმით, პროგრამები, რომლებსაც დანიის მიერ შემოთავაზებული სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს საქართველოში არსებულ ვითარებას და ისეთ სფეროებს დაეხმარება განვითარებაში, როგორიცაა, მაგალითად, მედია. ის ამბობს, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისათვის განვითარების გზაზე ასეთი ფორმით მხარში დგომა დანიის მხრიდან მნიშვნელოვანია.

“დემოკრატიული მხარდაჭერის თვალსაზრისით, ერთ-ერთი კომპონენტი, რასაც თანამშრომლობა მხარს დაუჭერს, იქნება მედია, კონკრეტულად კი, ჟურნალისტური გამოძიებები. ამის ფონზე, რაც გვაქვს ქვეყანაში, ეს იქნება დიდი დახმარება,” – ამბობს ის.

2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP) მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი