ნეტგაზეთი | გიორგი ქებურია: უდანაშაულო ვარ, ჩემი დაკავება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა გიორგი ქებურია: უდანაშაულო ვარ, ჩემი დაკავება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა – Netgazeti
RU | GE  

გიორგი ქებურია: უდანაშაულო ვარ, ჩემი დაკავება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა

ბირჟა მაფიის წევრი გიორგი ქებურია აცხადებს, რომ უდანაშაულოა, ხოლო მისი დაკავება არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ამის შესახებ ჰიპ–ჰოპ არტისტმა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. ქებურიამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას გვერდში დგომისთვის.

გიორგი ქებურიას განცხადებით, მასზე ზეწოლა ზორციელდებოდა პოლიციელების მხრიდან, რომელთა სახელები და გვარები არ იცის, თუმცა, ამოცნობა შეუძლია.

მისივე თქმით, პოლიციელი ვიდეოკლიპში დაფარეს მას შემდეგ, რაც პოლიციიდან ამ კლიპის სპონსორ “აჭარანეტში” დარეკეს:

“მე როგორც ვიცი, კომპანია აჭარანეტში განხორციელდა ზარი პოლიციის მხრიდან, როემლიც შეატყობინეს მგალობლიშილს, მგალობლიშვილმა შემატყობინა მე და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ კადრების დაფარვა,”- განაცხადა ქებურიამ.

მან მადლობა გადაუხადა ბერა ივანშვილსაც:

“დიდი მადლობა ბერას, მადლობა საერთოდ, მთელ საზოგადოებას, ყველა ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა. ბერა ივანიშვილთან მქონია შეხება, ერთხელ ვართ შეხვედრილი,”- განაცხადა გიორგი ქებურიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

დღეს, 12 ივნისს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული “ბირჟა მაფიის” წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მიშკა (Young MIc) 50 ათასი ლარის, ხოლო გიორგი (Kay G) 20 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს “ფეისბუკზე” სოლიდარობა გამოუცხადა სტატუსით “თქვენთან ვარ ბიჭებო!”

ასევე გაავრცელეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოლოპიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

ბერას, კალაძისა და კვირიკაშვილის დუმილი მას შემდეგ დაირღვა, რაც 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა მასშტაბური აქცია რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავება დაუკავშირეს რეპერების მიერ გადაღებულ კლიპს “TSL შავი ზედა”, სადაც გაშარჟებულია პოლიცია, რომლის წაშლა, სავარაუდოდ, მოსთხოვეს. მიშკა მგალობლიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ, იყო თუ არა კლიპის ავტორი. რეპერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ცენზურის ნიშნებად შეაფასეს.

შსს-ს ცნობით, ბირჟა მაფიის ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.