რესპუბლიკელების კანონპროექტით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები გათავისუფლდებიან

რესპუბლიკურმა პარტიამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები გათავისუფლდებიან.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ, დღეს, 12 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიღების შემთხვევაშიც თითქმის ყველა ტიპის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ადამიანი გათავისუფლდება პატიმრობიდან.

კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 273-ე და 274-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა, 260-ე და 261-ე მუხლების შესაბამისად, გასაღებისთვის მსჯავრდებული პირებისა.

“ეს ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელები“ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ყველა პატიმრისა და პირობით მსჯავრდებულთა ამნისტიას – სრულ გათავისუფლებას მოითხოვენ, ხოლო გასაღებისთვის მსჯავრდებულთათვის- სასჯელის ერთი მესამედით შემცირებას,” – განმარტავს კორძაია.

კორძაიას თქმით, პროექტის მიზანია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა მიმართ წლების განმავლობაში არსებული უსამართლო და არაადეკვატური სასჯელების შედეგად მორალური და მატერიალური ზიანის აღმოფხვრისათვის მათი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა, ასევე, თვისობრივად ახალი ნარკოპოლიტიკის განხორციელებისა და ამოქმედებისათვის წინაპირობის შექმნა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ნორმების სიმკაცრე წლების განმავლობაში ცხადყოფდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გადაიზარდა ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფაში და ადამიანების წინააღმდეგ ომში“,- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა.

„რესპუბლიკელების“ განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში დღესვე დაარეგისტრირებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.