გარეთ დარჩენილი პირები აცხადებენ, რომ ზოგი მათგანი ღამით მუშაობდა, ზოგმა ექიმთან აუცილებელი ვიზიტის გამო დატოვა გვიან ღამით შენობა, ნაწილი აცხადებს, რომ პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით წავიდნენ გუშინ ღამით.
დღეს ყოფილ “ზაკვოს” შენობასთან იმყოფებოდნენ ბანკის წარმომადგენლები:
“თუ ადამიანი ღამე რჩება ასეთ პირობებში, ეს ნიშნავს, რომ ის მართლაც გაჭირვებულია და ჩვენ მათ ხელს არანაირად არ ვუშლით. იმ ადამიანებს, როლებიც ღამით აქ არ არიან, ეს ნიშნავს, რომ მათ სადღაც დასარჩენი გააჩნიათ, ამიტომაც ჩვენ ამ ხალხს ვერ შევუშვებთ, რადგან მათ პრაქტიკულად გააჩნიათ საცხოვრისი, რადგან ისინი ღამით აქ არ იმყოფებოდნენ”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ვანო ბალიაშვილმა, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგლემ.
“ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, რომ გავედი დასაბანად, ან გავედი წამლის საყიდლად, არ შეიძლება 30 კაცს ერთდროულად ჰქონდეს წამლის ყიდვის საჭიროება, ჩვენ სხვა შანსი არ გვქონდა. აქ დილას შეიძლება მოვიდეს 150 ადამიანი და თქვას, რომ ჩვენ ყველა აქ ვცხოვრობთ. როგორ გავაკონტროლოთ, თუ არ ვნახავთ ღამე, როცა ძილის დროა, რეალურად ვინ არის შენობაში. ამიტომ ავიღეთ ერთი დღე, დავაყენეთ დაცვა და ახლა ყველა შედის რეგისტრაციის მიხედვით. ვინც იყო შენობაში, ჩვეულებრივად შედიან და გამოდიან” – განაცხადა თამარ კირვალიძემ, ბანკის მედიაკომუნიკაციების დირექტორმა.
თუმცა გარეთ დარჩენილ პირებს შორის არის ისეთი ადამიანი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, ლალი ლამანძიას 25 470 ქულა აქვს. გარდა ამისა, ქალბატონი ლალის დედამთილი შენობაში რჩება, ხოლო თვითონ და მისი სამი შვილი- შენობის გარეთ.
ადგილზე გაკეთებული კომენტარების გარდა, “თიბისი ბანკამა” პრესისთვის ინფორმაციაც გაავრცელა, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:
“უკვე 5 თვეა, ყოფილი “ზაკვოს” შენობაში, რომლეიც თიბისი ბანკის საკუთრებას წარმოადგენს, უკანონოდ არის შეჭრილი ადამიანთა ჯგუფი, რის შესახებაც ბანკის მიერ თავიდანვე მყისიერად იქნა ინფორმირებული შსს და სხვა შესაბამისი უწყებები.
აღნიშნულ შენობაში არ არსებობს ცხოვრებისთვის აუცილებელი არანაირი პირობა: არ არის დენი, კანალიზაცია, წყალი, გაზი, ღია მდგომარეობაშია ლიფტის შახტები.
ამ ხნის განმავლობაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია შენობაში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურ–სანიტარულმა მდგომარეობამ. ჩატარდა კომპეტენტური სანიტარული ექსპერტიზა, რომლის დასკვნაში ნათქვამია, რომ არსებობს ეპიდემიის აფეთქების საფრთხე და შენობაში ყოფნა ჯანმრთელობისთვის ძალზეც საშიშია.
გარდა ამისა, ხშირია ლოთობის, ნარკომანიის, პროსტიტუციის, ურთიერთოკონფლიქტების შემთხვევები: შენობაში პრაქტიკულად შექმნილია უკონტროლო ვითარება.
ამ ხნის მანზილზე სახელმწიფო ორგანოების მიერ რამდენიმეჯერ ჩატარდა შენობაში შეჭრილი პირების აღწერა, რომლის შედეგადაც დაფიქსირდა გაცილებით ნაკლები რაოდენობის ოჯახი, ვიდრე ამას თავად ადამიანები აცხადებენ.
ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ღამით არ რჩებიან შენობაში და სიებში აფიქსირებენ თავს უსახლკაროდ, სინამდვილეში არაკეთილსინდისიერად , მხოლოდ გამორჩენის მიზნით ხანდახან მოდიან შენობაში დღის საათებში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბევრ მათგანს არ გააჩნია არც დევნილების და არც სოციალურად დაუცველის სტატუსი.
შსს–ს მიერ აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის ფაქტზე და მიმდინარეობს გამოძიება.
ერთი მხრივ, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ ხალხის გაჭირვებას, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 5 თვის განმავლობაში ჩვენ საშუალება მივეცით მათ ყოფილიყვნენ შენობაში, ხოლო მეორე მხრივ, ეს შენობა არის კერძო საკუთრება, რომლის ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ბანკს გააჩნია საკუთარი გეგმები მასში სათაო ოფისის განთავსების მიზნით.
ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება კერძო დაცვის სამსახურის დაქირავების შესახებ, რომელიც დადგება შენობის შესასვლელში და აღკვეთს შენობაში ხალხის უკონტროლოდ მიმოსვლას.
ამავდროულად, ეს ღონისძიება შეამცირებს შენობაში ნარკომანიის, ლოთობის, კონფლიქტური სიტუაციების შესაძლებლობას.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ის პირები, რომლებიც შენობაში ღამეს ათევდნენ და ეს თავისთავად მიანიშნებს მათ უკიდურეს გაჭირვებაზე, შეძლებენ შეუფერხებლად შესვლას, პირადობის და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც შენობის მიღმა დარჩენილი ადამიანები აცხადებენ, ისინი ღამის გათენებას შენობასთან, კარავში აპირბენ, მათთან უკვე მისული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი.