თომას ჰამარბერგის ვიზიტის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაცნობა და რეკომენდაციების
შემუშავებაა. აღნიშნული მისიის ფარგლებში შეხვედრები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
“მნიშვნელოვანია თომასს ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს თვითმმართველობებს. დაახლოებით ორმოცდაათზე მეტ თვითმმართველობაში პირდაპირი წესით მოხდა ეგზეკუცია, ჩანაცვლება, ხალხის ძალადობრივი გადაბირება და გამგებლების შეცვლა. ანალოგიური პროცესი, სამწუხაროდ, თბილისის საკრებულოშიც მიმდინარეობს. პრაქტიკულად არ დარჩა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელიც რამდენჯერმე არ იყო დაკითხვაზე დაბარებული. ზეწოლა ხორციელდება ყველა მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ თუ არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები, ჩვენ მზად ვართ თითოეულ მათგანზე გავცეთ პასუხი, მაგრამ, ბუნებრივია, ის ფორმა, რა ფორმითაც ეს ყველაფერი ხორციელდება, ბადებს ეჭვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რეპრესიები განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე სუბიექტების მიმართ.
ეს საერთაშორისო საზოგადოებას კარგად ესმის. ჩვენთვის ეს სასიხარულო ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯს ლახავს. ბუნებრივია, ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ მოვძებნოთ ის საერთო, რომლითაც თანაარსებობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებს შორის იქნება ცივილიზებული და ნორმალური. და ამ კუთხით მე ჩემი მოსაზრებები გავუზიარე თომას ჰამარბერგს, რაც, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მისი საქართველოში ოთხთვიანი მოღვაწეობის შედეგებზე აისახება”, – გიგი უგულავას განცხადებას ჰამერბერგთან შეხვედრასთან დაკავშირებით ავრცელებს თბილისის მერია.
