საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტის გასაჯაროებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის არგასაჯაროება სწორედ ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა და მათ აქვთ “ლეგიტიმური ეჭვები”, თუ ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა დოკუმენტი. მისი თქმით, პროექტზე ხელი მხოლოდ პარლამენტის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პრეზიდენტს მიუწვდებოდა.
“საუბარი იყო იმაზე, თუ როდის გასაჯაროვდებოდა ეს დასკვნა და მაშინ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სწორედ კომისიის თხოვნა იყო ამ დოკუმენტის არგასაჯაროება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დასკვნის წინასწარი პროექტი. შესაბამისად, ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ეს დოკუმენტი. ჩვენ ეს პირობა, ბუნებრივია, პირნათლად დავიცავით. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გუშინ „ტაბულაში“ გაჟონა ინფორმაციამ, იყო სიტყვა-სიტყვით ციტირებული კონკრეტული ჩანაწერები ამ დასკვნის. ორ სუბიექტს ჰქონდა რეალურად მხოლოდ ეს დოკუმენტი: ეს იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ „ტაბულაში“ და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს, ბუნებრივია, თავისი საფუძველი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მომხდარით შეშფოთებულია.
“გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეშფოთებულია ბატონი ჯანი ბუკიკიო ამ ფაქტთან დაკავშირებით, ანუ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეშფოთებას. არის ძალიან სამწუხარო ის, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი, რაც ნამდვილად უნდა აღინიშნოს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის შესახებაც და აღნიშნა, რომ თავად დასკვნის შინაარსი სრულად მისაღებია.
8 ივნისს ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტი არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, მათ შორის ნეტგაზეთმა წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც კავშირი არ აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.