ახალი ამბები

პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების საქმეს ომბუდსმენი სწავლობს

9 ივნისი, 2017 • 10390
პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების საქმეს ომბუდსმენი სწავლობს

სახალხო დამცველმა რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის (Young MIC) და გიორგი ქებურიას (KAY G) დაკავების საქმის შესწავლა დაიწყო.

პოლიცია აცხადებს, რომ რეპერები ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით არიან დაკავებული, მგალობლიშვილის ცოლის თქმით კი, მიზეზი რეპერების ჯგუფის, Birja Mafia-ს ვიდეოკლიპია, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სახალხო დმაცველის აპარატს, სადაც გვითხრეს, რომ საქმის შესწავლა უკვე დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრები Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი)  და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს- ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს.

პროექტ “ბირჟა მაფიის” ბოლო ვიდეოკლიპია “TSL შავი ზედა”. ერთ-ერთი დაკავებულის, მიშკა მგალობლიშვილის ცოლი აცხადებს, რომ მათი დაკავება არა ნარკოდანაშაულს, არამედ სწორედ ამ კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.

კლიპის თავდაპირველ ვერსიაში პოლიციელი ჩანდა.

ბირჟა მაფია

თუმცა ამჟამად ეს მონაკვეთი დაბლარულია.

Screen Shot 2017-06-09 at 12.20.23 PM

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ აღნიშნული  საქმის შესახებ შსს-ს ჯერჯერობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი