ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის უფროსი წარადგინა

8 ივნისი, 2017 • 2292
ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის უფროსი წარადგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ სპეციალურ პრესბრიფინგზე პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა

ლევან გამყრელიძეს მანამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

მას დღესაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შეხება ფინანსებთან, გადასახადებთან და დარწმუნებული ვარ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კარგად ვაცნობიერებ, თუ რა მნიშვნელოვანია ისეთი სამსახურის ხელმძღვანელობა და სწორად მართვა, როგორიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია. საგამოძიებო სამსახური ჩემთვის კარგად ნაცნობი და მშობლიურია. ამ სფეროში ჩემი 11-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი შემდგომი განვითარებისთვის. მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური აღნიშნული უწყების საქმიანობა,“ – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

საგამოძიებო სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად ჩვენ შევარჩიეთ ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადის გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება. საგამოძიებო სამსახურის გაძღოლა შევთავაზეთ ადამიანს, რომელმაც ყველა იმ უწყებაში, სადაც ის ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, თავი გამოიჩინა, როგორც პროფესიონალმა, კარგმა მენეჯერმა და რეფორმატორმა. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ის ახალ პოზიციაზე მუშაობისას, საქმიანობას წარმართავს დიდი ენთუზიაზმით,“ – განაცხადა ქუმისშვილმა.

მისი თქმით, ლევან გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს.

პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საგამოძიებო სამსახურის რეფორმირების, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ამ ამოცანების შესრულება მას მოუწევს კვალიფიციურ გუნდთან ერთად და იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების სადარაჯოზე დგანან გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცეპრემიერმა ასევე ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროს გიორგი ბადაშვილზე, რომელიც აღნიშნულ უწყებას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გიორგი ბადაშვილმა არაერთი რეფორმა გაატარა აღნიშნულ უწყებაში. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, რაშიც მინდა მას წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბადაშვილმა მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი