სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ცხვართან დაკავშირებით კარანტინის წესები მკაცრდება. შესაბამისად, აღმოიფხვრება პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვარი ექსპორტზე ქართული ცხვრის სახელით ვეღარ გავა. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
“კერძოდ, საკითხი უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. თქვენ იცით, რომ სამწუხარო პრაქტიკა არსებობდა, როდესაც ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანა. იყო ისეთი შემთხვევებიც – ქართულ ცხვარში შერევა ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს რისკებს ატარებდა ვეტერინარული თვალსაზრისით. კარანტინის წესების დარღვევა საკმაოდ მკაცრად დაისჯება. ფაქტობრივად, გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ქართული სახელით უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი ქართულს შეერევა და ექსპორტზე გავა ქართული ცხვრის სახელით, რადგან საქართველოს განსაკუთრებული კეთილსაიმედოობა აქვს ვეტერინარული თვალსაზრისით, ჩვენ ჩვენი ინდუსტრია მაქსიმალურად უნდა დავიცვათ”,- განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მაისის ბოლოს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერით სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება გავიდა სახელწოდებით – “ქართული ცხვრის გასაჭირი”. ფილმის თანახმად, ცხვრის ექსპორტი 2009 წლიდან წარმატებულად ვითარდებოდა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული ბიზნესწრეების ყურადღება მიიპყრო, მეცხვარეების საქმე უკან წავიდა. ფილმის მიხედვით, ამ ბიზნესთან იკვეთება სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ოთარ დანელიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ინტერესები.