ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის სისტემა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრეზიდენტად ხმოსანთა საბჭომ მუდმივად და ექსკლუზიურად არ დანიშნოს უმრავლესობის კანდიდატი. ეს რეკომენდაცია ასახულია ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც ნეტგაზეთს წყარომ მიაწოდა.
“მისაღებია, რომ ახალი სისტემა არა მომავალი წლის არჩევნებზე, არამედ 2023 წლიდან ამოქმედდება. უნდა აღინიშნოს, რომ ფუნქციურად დატვირთული სენატის არარსებობის ვითარებაში ძლიერ მთავრობასა და დიდი ძალაუფლების მქონე საპარლამენტო უმრავლესობას შორის მთავარი დამაბალანსებელი საქართველოს საკონსტიტუციო სისტემით პრეზიდენტია. შესაბამისად, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემოღებამ არ უნდა გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მუდმივად და ექსკლუზიურად საპრეზიდენტო კანდიდატის პრეზიდენტად არჩევა.
ამდენად, აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომელიც პარლამენტში პლურალიზმის გარანტიას შექმნის (შესაბამისად, ხმოსანთა საბჭოშიც), აუცილებელია კონტროლის და ბალანსის პრინციპები”, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში.
ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ იმეორებს თავის რეკომენდაციას გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული გზით განაწილების ან ბარიერის შემცირების შესახებ. ასევე რეკომენდირებულია, რომ ხმოსანთა საბჭოს მიერ პრეზიდენტის არჩევის პირველ რაუნდში კვალიფიციური უმრავლესობა იყოს წარმოდგენილი.
ეს არ არის ვენეციის კომისიის უკვე დამტკიცებული დასკვნა, არამედ პროექტია. საბოლოო დოკუმენტს ვენეციის კომისია ივნისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს.