ახალი ამბები

ვენეციის კომისიის შენიშვნები მოსამართლეების დანიშვნასა და პროკურატურის ანგარიშვალდებულებაზე

8 ივნისი, 2017 •
ვენეციის კომისიის შენიშვნები მოსამართლეების დანიშვნასა და პროკურატურის ანგარიშვალდებულებაზე

ევროსაბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო კონსტიტუციის საკითხებში, ვენეციის კომისია დასკვნის პროექტში, რომელიც ნეტგაზეთს მიაწოდეს, საქართველოს ურჩევს,  გადახედოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მთავარი პროკურორის არჩევის წესს. ასევე არ იწონებს ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძებლობებს ზღუდავს.

კომისიის დასკვნის პროექტში ვკითხულობთ, რომ სამუდამო ვადით მოსამართლეების დანიშვნის წესი უნდა გავრცელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზეც და მათი დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც, მათ პარლამენტი ნიშნავს, უნდა შეიცვალოს. ამ მოსამართლეებს უნდა ირჩევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ან ნიშნავდეს პრეზიდენტი უმაღლესი საბჭოს შეთავაზების საფუძველზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, ასევე მთავარი პროკურორის, არჩევისას რეკომენდირებულია, რომ აუცილებელი იყოს პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა.

კომისიის დასკვნის პროექტის თანახმად, პროკურატურის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე სისხლის სამართლის დევნის ინდივიდუალურ საქმეებში უნდა იყოს მკაფიოდ გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებულებას პროცესი სხდომის დახურვამდე მიჰყავს- თანასწორი სამართლებრივი განხილვა კი გარანტირებული უნდა იყოს.

კომისიის განცხადებით, შეზღუდვა, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლოს ეკრძალება, გამოაცხადოს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც საარჩევნო პროცესებს არაკონსტიტუციურად აწესრიგებს საარჩევნო წელიწადს (თუ ეს ნორმა არ არის მიღებული მომავალ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე), არაპროპორციულად ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, რომ განიხილოს საარჩევნო კანონმდებლობის კონსტიტუციურობა.

ეს არ არის ვენეციის კომისიის უკვე დამტკიცებული დასკვნა, არამედ პროექტია. საბოლოო დოკუმენტს ვენეციის კომისია ივნისის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც “ოცნებამ” წარადგინა, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს და უშიშროების საბჭოს წევრებს ვეღარ წარადგენს. ასევე, ცვლილებების პროექტით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი.

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პროკურატურა სრულად არის გამოყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. პროექტის 65-ე მუხლის თანახმად, პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს. ამ მუხლში ასევე ნათქვამია, რომ “პროკურატურა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი