ახალი ამბები

ვენეციის კომისიის დასკვნით, არ უნდა აიკრძალოს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა – წყარო

8 ივნისი, 2017 • 5515
ვენეციის კომისიის დასკვნით, არ უნდა აიკრძალოს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა – წყარო

ევროპის საბჭოს დამოუკიდებელმა საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციის საკითხებში, ვენეციის კომისიამ უკვე მოამზადა რეკომენდაციების პროექტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ. ეს პროექტი “ნეტგაზეთს” წყარომ მიაწოდა. პროექტში წერია, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი არ უნდა ინტერპრეტირდეს ისე, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს პარტნიორობა აეკრძალოთ.

“ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განიმარტოს, როგორც ერთი და იმავე სქესის მქონეთათვის პარტნიორობის აკრძალვა,” – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის პროექტში ასევე საუბარია, რომ ქორწილების შესახებ ჩანაწერი არ უნდა გამორიცხავდეს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობას:

“თუ ცვლილებების პროექტი ცალსახად გამორიცხავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთნაირსქესიანთა პარტნიორობას. საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყენა, ვალდებულია დაიცვას ევროსასამართლოს სტანდარტები და უზრუნველყოს სამართლებრივი აღიარება (როგორიც არის სამოქლაქო კავშირები ან დარეგისტრირებული პარტნიორობა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის),”- ვკითხულობთ დოკუმენტის პროექტში.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის 30-ე მუხლში ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირად არის განსაზღვრული:

“ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას,”- წერია კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლში.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე მუშაობისას საკონსტიტუციო კომისიამ მხარი არ დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებას, კონსტიტუციაში ასევე გაკეთებულიყო ჩანაწერი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ, კერძოდ, დამატებოდა წინადადება: “თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდება კანონით”.

კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, განსაზღვრა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა და როგორც მთავრობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი