კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველზეა შესაძლებელი:
“უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები მწვავე კრიზისის არსებობაზე მიუთითებს. შექმნილი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა 2013 წლის 4 მარტს სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებულმა ნაჩქარევმა და სავარაუდოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა გადაწყვეტილებამ ახლად არჩეული გენერალური დირექტორის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს მუშაობა უწევს სამეურვეო საბჭოსა და პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპირისპირების პირობებში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული მძიმე ვითარების მოწესრიგება და ნორმალური სამუშაო რეჟიმის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სტრუქტურული რეორგანიზაციის საშუალებით, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ახალი სამეურვეო საბჭოს ფორმირებას, ასევე უფლებამოსილების მკაფიო გამიჯვნას სამეურვეო საბჭოსა და ტელევიზიის აღმასრულებელ რგოლს შორის. ამისათვის საუკეთესო საშუალებად მიგვაჩნია კანონში „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა”, – ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე კანონის პროექტის განხილვა დააჩქაროს.