ახალი ამბებისამართალი

პროკურატურა იძიებს პოლიციელების მხრიდან დაკავებულზე შესაძლო სექსუალური ძალადობის მუქარისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს

8 ივნისი, 2017 •
პროკურატურა იძიებს პოლიციელების მხრიდან დაკავებულზე შესაძლო სექსუალური ძალადობის მუქარისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის წარდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც  პოლიციელების მხრიდან დ.გ-ს მიმართ  განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს შეეხებოდა,  ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან დ.გ-ს დაკავებისას  უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დ.გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულმა დ.გ-მ განაცხადა, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილების თანამშრომლებმა  2017 წლის 5 ივნისს, დაკავებისას, ქ.თბილისში, გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

“ამ ეტაპზე აქტიურად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებს პროკურატურა.

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა დ.გ–მ 2017 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი 2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით დილის 3–დან 4 საათზე, დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–10 განყოფილების თანამშრომლებმა.

“დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელებმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. დ.გ–ს თქმით, იგი დილის 9 საათისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო არ მიიღეს. დ.გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლატორში მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე შეასახლეს,” – აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებით, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის სამედიცინო შემოწმების ფორმაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ასევე სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს, დ.გ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ; გამოძიების ეფექტურად წარმართვისთვის ჩატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი