ირანის დედაქალაქ თეირანში, პარლამენტის შენობასა და აიათოლა ხომენის მავზოლეუმზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა, გაცილებით მეტი კი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარლამენტის შენობაში თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს, თუმცა ამ დროისათვის სიტუაცია სტაბილურია. მავზოლეუმში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ირანელი სახელმწიფო პირები აცხადებენ, რომ მათ ჩაშალეს მესამე თავდასხმის მცდელობა.
ტერიტორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო” განაცხადა, რომ თავდასხმები მათ მოაწყვეს. ეს ISIS-ის მიერ მოწყობილი პირველი ტერაქტია ირანში. მოგვიანებით მათ ვიდეოც გაავრცელეს, რომელიც მათი მტკიცებით, ირანის პარლამენტის შიგნით იყო გადაღებული.
BBC-ის ცნობით, ირანულ მედიაში წერენ, რომ პარლამენტის შენობაში 4 თავდამსხმელი მოკლეს. უცნობია, მოკლული თავდამსხმელებიც თუ ირიცხებიან გარდაცვლილ 12 ადამიანში. ასევე BBC-ის ცნობით, ტერორისტები შენობაში მთავარი შესასვლელიდან ქალის ტანსაცმელში გადაცმულები შევიდნენ.