ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: აფგან მუხთარლის საქმეზე ოცდაათზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი ამოიღეს

6 ივნისი, 2017 •
არჩილ თალაკვაძე: აფგან მუხთარლის საქმეზე ოცდაათზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი ამოიღეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიების ფარგლებში ოცდაათზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი ამოიღეს და ასზე მეტი ადამიანი დაიკითხა.  ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანულ მხარეს მიმართა, რათა აფგან მუხთარლი დაკითხონ:

“ჩემი ინფორმაციით, ოცდაათზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი ამოიღეს. მიმდინარეობს ტელეანძების სკანირება,  ამ მონაკვეთიდან რამდენიმე ათასი ზარი განხორციელდა და სამართალდამცავებმა უნდა გაშიფრონ. ასზე მეტი ადამიანი დაიკითხა და საქართველომ აზერბაიჯანს მიმართა, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა ბატონი აფგან მუხთარლი დაკითხონ,” – აღნიშნა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძეს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჟურნალისტის გატაცებაში ჩართული არ ყოფილა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი