ახალი ამბები

პანტომიმის თეატრი შენობის გარეშე რჩება

5 მარტი, 2013 • 1375
პანტომიმის თეატრი შენობის გარეშე რჩება

პანტომიმის თეატრის კუთვნილი შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია დღეს, 5 მარტს თეატრის დამაარსებელმა და თანამშრომლებმა მოაწყვეს, რომელზეც მედიის წარმომადგენლებს 2012 წლის 8 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროსა და შპს “ახალ ოფისს” შორის დადებული ხელშეკრულება წარუდგინეს. 

 

ხელშეკრულების შესაბამისად, რუსთაველის 37 ნომერში მდებარე შენობა, სადაც პანტომიმის თეატრი ათეულობით წლის მანძილზეა განთავსებული, გაყიდულია. 

 

როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, შენობის საფასური 1 ლარია. 

 

“დაახლოებით 2 თვის წინ შემოდის ვიღაც კაცი და გვეუბნება, 100 ათასის გადმორიცხვა გვინდა თქვენს თეატრშიო. მერე მართლაც ბანკიდან მოვიდა შეტყობინება, რომ ჩვენს ანგარიშზე 100 ათასი ლარი იყო. მოვიძიე, ვინ გადმორიცხა, მოვძებნე ეს ადამიანი და ვკითხე, რა მიზნით გადმორიცხა ეს ფული, რა უნდა გაგვეკეთებინა ამ ფულით, პასუხი არ გაგვცეს. მერე უკან გადავრიცეთ ეს ფული იმავე ანგარიშზე, რის შემდეგაც ისევ ჩაგვერიცხა. მერე მერიას მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ იყოს ფული, ჯერ ხელი არ ახლოთო,”- ამბობს პანტომიმის ჟანრისა და თეატრის დამაარსებელი, საქართველოს სახალხო არტისტი ამირან შალიკაშვილი.

 

მისივე თქმით, არსებულ შენობაში ყოფნის უფლება პანტომიმის თეატრს 2014 წლის 31 დეკემბრამდე აქვს.

 

“მერიის განკარგულებით კი, 9 აპრილის ბაღში 919 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი 5 წლით უნდა გადმოგვეცეს. რად გვინდა მიწა, რა უნდა ვუყოთ.”

 

როგორც თეატრის თანამშრომლები აცხადებენ, თუკი თეატრის შენობას ვერ შინარჩუნებენ, მათთვის მისაღები სხვა, ალტერნატიული შენობაც იქნებოდა. 

 

პანტომიმის თეატრი საქართველოში 1965 წლიდან არსებობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი