ახალი ამბები

დარჩიაშვილი: პრემიერისგან მხოლოდ ნიშნისმოგებით საუბარი მოვისმინეთ

4 მარტი, 2013 • 1526
დარჩიაშვილი: პრემიერისგან მხოლოდ ნიშნისმოგებით საუბარი მოვისმინეთ

“კარგია, რომ შეხვედრა შედგა და არც თუ ისე მცირე ხანს გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რეაქციებიდან. ეს რეაქციები თუ ვინმეს პიარი ჰგონია, არასწორია. რეაქციები და შეფასება არის ნაწილი ამ პოლიტიკური პროცესისა, ორ პოლიტიკურ ძალას შორის მიმდინარე მძიმე ურთიერთობების გარკვევისა. აქ პრეზიდენტისაგან ვისმენთ, რომ არის მსოფლმხედველობრივი განსხვავება, სხვადასხვანაირად ვაფასებთ მოვლენებს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სტაბიულრობისათვის და ქვეყნის წინსვლისათვის. მეორე მხრიდან კი საუბარი იყო ნიშნისმოგებით, რომ ეს არის შეხვედრა შეხვედრისთვის, შედეგი არ აქვს და რიგ შემთხვევაში ისევ იყო კრიტიკა პიროვნული პრეზიდენტის მიმართ. მე არა მგონია, ეს იყოს სწორი რეაქცია ასეთი შეხვედრის შემდეგ, ვგულისხმობ მეორე რეაქციას. იმედია, ნიშნისმოგებით საუბრის უკან, რომელიც პრემიერს ჰქონდა, სხვა რამე თანხმობისაკენ გადადგმული ნაბიჯებიც იქნება”, – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რა აშფოთებს და ამაში მისი პოლიტიკური გუნდის წევრები სოლიდარობას უცხადებენ:

“აბსოლუტურად გამორიცხულია, ვინმემ უარი თქვას სერიოზული სისხლის სამართლის დამნაშავის მფარველობაზე, უნდა იქნეს გამოძიებული ყველაფერი, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გავაძლიეროთ მისი დამოუკიდებლობა, შევინარჩუნოთ თავისუფლება მედიაში და პარალელურად, რა კონსტიტუციური ცვლილებებიც არის საჭირო, კი, ბატონო, გატარდეს. ამ ფონზე ის ჯვაროსნული ლაშქრობა ერთიანი ნაცინალური მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც, ერთი მხრივ, პროკურატურიდან მომდინარეობს და მეორე მხრივ, ქართული ოცნების აქტივისტებისგან და მათ გვერდზე მყოფი ადამიანებისგან, ნანა კაკაბაძე იქნება თუ სხვა, ეს უნდა შეჩერდეს”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში დღეს შედგა. შეხვედრის შემდეგ მათ კომენტარები გააკეთეს. პრემიერმა პრეზიდენტთან საუბარს შეხვედრა–შეხვედრისთვის უწოდა, ხოლო სააკაშვილის განცხადებით, შეუჯერებელი პოზიცები არ არსებობს, მთავარია მედიის და სასამართლოს თავისუფლება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი