ახალი ამბები

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს 10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

5 მარტი, 2013 • 1132
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს 10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამავე საქმეზე დააკმაყოფილა პორკურატურის შუამდგომლობა შპს “შპს”-ს დირექტორის, გიორგი გაბიძაშვილის მიმართ ასევე 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

 

პროკურატურამ ცამციშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურსა და შპს “შპს”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნული შპს მერიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 6 ათას ლარზე მეტი იყო გაფლანგული.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “შპს”-ს 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის ამჟამინდელი მერი ბესიკ ბრეგაძეა, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიებას ამ საქმეზე ბრეგაძისთვის კითხვები არ დაუსვამს. ბრეგაძე რამდენიმე დღის წინ მისი სხვა კომპანიის, შპს “კომფორტის” საქმეზე იქნა დაკითხული მოწმის სტატუსით. ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის მერის თანამდებობაზე დანიშვნამდე ბიზნესში საქმიანობდა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცამციშვილის ადვოკატი ელისო დათუსანი ითხოვდა, საერთოდ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ან უკიდურეს შემთხვევაში, გირაოს თანხა ყოფილიყო 2 ათასი ლარი, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

სასამართლო პროცესის დაწყებამდე დღეს ქუთაისში თემურ ცამციშვილის მომხრეები შეიკრიბნენ და მისთვის ბრალის წაყენება გააპროტესტეს. 

 

დღევანდელ პროცესზე გადაწყდა, რომ ცამციშვილის საქმის წინა სასამართლო სხდომა 16 აპრილს, 15 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი