„მივიღე ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს ბათუმის საზაფხულო თეატრის გახსნას. თეატრი ჯერ დასრულებული არ არის, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი მოხატვაზე, აქედან გამომდინარე, მას არავითარი უფლება არ აქვს, მშენებარე ობიექტი გახსნას. თუ აქვს კონცერტების ჩატარების სურვილი, ჩაატაროს თავის მამულში. ბათუმი არის მუნიციპალური ქალაქი და მე ვღებულობ გადაწყვეტილებას, რომ აეკრძალოს იმ თანამშრომლებს საქმიანობა, ვისაც დღეს კონცერტის უზრუნველყოფა აქვს დავალებული“.
კონცერტის ტექნიკურ უზრუნველყოფას აიპი „ბათუმის სცენა“ ახორციელებს.
„აი, რატომ არის ცუდი ორხელისუფლებიანობა“, -ამბობენ აიპის წარმომადგენლები.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საზაფხულო თეატრი გაიხსნება არა ახლა, არამედ ზაფხულში, როცა თეატრის მშენებლობა დასრულდება და ოფიციალურად გაფორმდება მისი მიღება-ჩაბარება. „ჩვენ აღარ დავემორჩილებით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება იმპერატიული და თვითმმართველობასთან შეუთანხმებელი“.
ირაკლი ჩავლეიშვილმა საზაფხულო თეატრის ადგილზე განსახორციელებელ სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება: „როგორც ვიცით, ამ თეატრის ადგილზე შენდებოდა ოპერის თეატრი, რომლის დაპროექტებაში ესპანურ ფირმას ერთი მილიონი ევრო გადაუხადეს. ეს პროექტი კი თაროზე დევს. ეს საქმე გამოსაძიებელია და პასუხისმგებელი პირები აგებენ პასუხს“.
ქალაქის მერის, ჯემალ ანანიძის განცხადებით, საზაფხულო თეატრის მშენებლობა დაფინანსებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, რის გამოც მერიას აქვს უფლება, აღნიშნული ღონისძიება ჩაატაროს. „დარწმუნებული ვარ, ირაკლი ჩავლეიშვილს არასწორი ინფორმაცია აქვს თეატრის დაფინანსებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ის თავის გადაწყვეტილებას შეცვლის“, -აცხადებს მერი.
საზაფხულო თეატრის გახსნა საღამოს ექვს საათზე იგეგმება, კონცერტზე სოფო ნიჟარაძე, ნიაზ დიასამიძე, სალომე კორკოტაშვილი და ლუკა ზაქარიაძე იმღერებენ