ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი: გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი

2 მარტი, 2013 • • 2340
იუსტიციის მინისტრი:  გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი

“დღეს დავბრუნდი საქართველოში. მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა და მოვუწოდო სიმშვიდისაკენ. როგორც ახლა უკვე ნათლად იკვეთება, მომავალი რამდენიმე კვირა თანაარსებობის რთული პერიოდი იქნება. გახშირდება ვერბალური თავდასხმები მთავრობაზე და მის წევრებზე. ჩემი, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრის ვალია, საზოგადოებას მივცე სიმშვიდის მაგალითი. ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ ვთვლი. თუმცა, სამშაბათს მექნება ეთერი პირველ არხზე, რომლის დროსაც გაშუქდება ის მნიშნველოვანი და წარმატებული ვიზიტები, რაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩავატარე და, თუ ჟურნალისტი ჩემი განათლებითაც დაინტერესდება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საზოგადოებას ამომწურავ პასუხს გავცემ. გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი”– წერს იუსტიციის მინისტრი საკუთარ გვერდზე. 

 

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის  განათლებასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ კავშირშია მის უფლებასთან, ეკავოს  ამჟამინდელი თანამდებობა, შეკითხვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ დასვა:

 

“იურისტებს! ჟურნალისტებს! საინფორმაციო საშუალებებს! უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს!… გთხოვთ, ერთად გავარკვიოთ ამ პოსტში დასმული საკითხი. საქმე ეხება იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს. კერძოდ, რამდენად კანონიერად უკავია მას იუსტიციის მინისტრის პოსტი.

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტს ჰქონდა ორი პროფილი – სამართლისა და ურთიერთობების. თუ ქ-მა წულუკიანმა სამართლის პროფილით არ დაამთავრა, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს “უმაღლესი იურიდიულ განათლება”, რასაც კანონი იუსტიციის მინისტრის(შესაბამისად პროკურორის) პოსტზე დასანიშნად ცალსახად ითხოვს. კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი პროკურორიცაა. იგი უფლებამოსილია, გარკვეულ შემთხვევებში პირს წაუყენოს ბრალი.

 

[მუხლი 31. 
პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას..]

მისი ბიოგრაფია არ ამტკიცებს, რომ მან “უმაღლესი იურიდიული განათლება” მიიღო. ამის ზუსტად დასადგენად მისი დიპლომის ნახვაა სჭირო, საიდანაც გაირკვევა, რა არის მისი სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები, თუ სამართალი. ეს პრაქტიკულად გადამწყვეტი მომენტია.
აგერ ბიოგრაფიაც…” – აღნიშნული პოსტი გოგა ხაჩიძემ ასევე საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა. 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ–გვერდზე კი მინისტრის ბიოგრაფია შემდეგნაიარად გამოიყურება:

 

დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში.

 

1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი.

 

1992 წელს  ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს; პარალელურად სწავლობდა საგარეო  საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს.

 

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.

 

1998 წელს წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს. ENA-ში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე.

 

2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA).

 

2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა: საქართველოს და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა. 

 

2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი.

 

2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, 2009 წლიდან – მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე.

 

2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა.

 

2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა თავისუფალ დემოკრატებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ის ამავე დროს პარტიის სტრუქტურებში ქალთა უფლებების თემას კურირებდა.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თეა წულუკიანი კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან”  ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

 

2012 წლის 25 ოქტომბერს თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი