მისი თქმით, ხათუნა ბერძენიშვილის პერსონა მისთვის მიუღებელი არ ყოფილა: “არხზე 1 მარტიდან ჩაეშვა ახალი სტრუქტურა. საზოგადოებრივი პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტი გაუქმდა და არის საინფორმაციო სამსახური. ხათუნა ბერძენიშვილზე პოლიტიკური ზეწოლა აბსურდია, რა თანხა უნდა შემეთავაზებინა. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან ერთადერთი მე უნდა დამერეკა, მე არ მიმიცია მითითება საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.”
გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, ხათუნა ბერძენიშვილი ძველ თანამდებობაზე მუშაობას ვერ გააგრძელებს, რადგან ის თანამდებობა გაუქმდა: “მას შევთავაზე ახალ თანამდებობაზე ერთწლიანი კონტრაქტი, რაზეც უარი თქვა. ის საქმიანობას ვერ გააგრძელებს, თუ მან არ მოაწერა ახალ კონტრაქტს ხელი. მას შევხვდები და დაველაპარაკები. შიდა ჟურნალისტებიდან დაინიშნება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.”
საზოგადოებრივ–პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერძენიშვილმა არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი პირველ მარტს ზეწოლაში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა:
“მე მაქვს უფლება მქონდეს ჩემი ვარაუდები მის გადაწყვეტილებასთან დააკავშირებით. მაქვს ჩემი მოსაზრებები, განსაკუთრებით გუშინდელი საინფორმაციო გამოშვებს შემდეგ, როდესაც მომზადდა სიუჟეტი თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. ბარათაშვილი რამდენჯერმე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ეს სიუჟეტი არ გაკეთებულიყო.”
ბერძენიშვილის განცხადებით, მან ჰკითხა ბარათაშვილს, რატომ არ უნდა გასულიყო რეპორტაჟი ეთერში, მაგრამ მას პასუხი არ ჰქონდა: ” ეს იყო ბოლო დეტალი იმ კამპანიისა, რაც ჩემ წინააღმდეგ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. არხის დირექტორმა რამდენჯერმე ღიად დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება საინფორმაციო სამსახურის პოლიტიკასთან დაკავშირებით. რა შეიძლება არ მოსწონდეს დირექტორს, როცა მოამბეში ყველა მხარის მიერ გამოხატული მოსაზრება არის?”
ბერძენიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო, რომ კახეთში სტიქიით დაზარალებულების პრობლემა, პრემიერმინისტრის ბრიფინგები, განსაკუთრებით ბოლო ბრიფინგი, ასევე რამდენიმე სხვადასხვა თემა, რომელიც ახალი ხელისუფლების ახალ სტრატეგიას უკავშირდებოდა, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში გაშუქებულიყო: “რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას ვერც მოვახერხებდით და ვერც მოვახერხეთ, ეს არ არის კერძო ტელევიზია, ეს არის საზოგადოებრივი არხი. ამ არხის მონაპოვარი არის ბალანსი და ის თავის პროფესიონალიზმს აჩვენებს. ამან ჩვენ შორის გააჩინა კონფლიქტი და კრიზისი, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ გაღრმავდა.”
ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბარათაშვილმა შესთავაზა ფული: ” შემომთავაზა, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე, რაც დღესაც ძალაში რჩება. თუ ამ შემოთავაზებებიდან არც ერთს არ დავაკმაყოფილებდი, ის განახორციელებდა ჩემს მოხსნას თანამდებობიდან. ამ თემაზე საუბარი შედგა შენობაში და შენობის გარეთ. მე შემიძლია დავასახელო ის ადამინები, ვინც ამ შეხვედრის უნებლიე მოწმეები გახდნენ. მან თქვა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომ მე საინფორმაციო პოლიტიკის სამსახურიდან წავიდე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ იგივე პრობლემა გვქონდა გია ჭანტურიას პერიოდში, ვგულისხმობ 2 ოქტომბრის შემდეგ პერიოდს. გია ჭანტურიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და თანამდებობიდან თვითნ წავიდა.”
ხათუნა ბერძენიშვილი მიმართავს სამემეთვალყურეო საბჭოს: ” რა პოლიტიკური ზეწოლის ქვეს შეიძლება იყოს არხის გენერალური დირექტორი, როდესაც ამბობს, რომ 1 არხის სანფორმაციო პოლიტიკით მას აქვს პრობლემები. ისმის კითხვა: საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენებისგან, რატომ ექმნება პრობლემა, თუ ის არის თავისუფალი. პირველ რიგში, მე მინდა მქონდეს ამაზე პასუხი სამეურვეო საბჭოსგან. არ არის უცხო მისი ნათესაური კავშირები “ქართული ოცნების” წევრ ირაკლი ტრიპოლსკისთან. ტრიპოლსკი და ბარათაშვილი ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაციას არ მალავენ და რამდენჯერმე ღიადაც შეხვდნენ, მათ სურდათ, რომ მათ მიერ გამოგზავნილი ადამიანი ყოფილიყო ამ თამნამდებობაზე. მე ბორდისგან ვითხოვ პასუხს.”