მოსამართლე ეკა არეშიძემ დააკმაყოფილა გიორგი კალანდაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ 12 და 19 ნოემბერს გიორგი კალანდაძის მიმართ გამოტანილი ბრალის დადგენილება წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, გაბაიძე ასაბუთებდა, რომ კალანდაძეს არ ჰქონდა იმ დროისთვის გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული, იგი არის გენერალ-მაიორი და მისთვის ბრალი უნდა წაეყენებინა იუსტიციის მინისტრს, რაც ასე არ მომხდარა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ დღეს გაუქმდა და დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ბრალის წარდგენის შემდეგ წარმოებული დაკითხვის ოქმი, ასევე, პროკურატურის მოთხოვნა კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება 10 ათასი ლარის ოდენობით: გირაოს თანხა კალანდაძეს უკან დაუბრუნდება.
მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, ბრალის წარდგენის პროცესში გიორგი კალანდაძე იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, მას ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება, ამიტომ მისთვის ბრალი იუსტიციის მინისტრს უნდა წაეყენებინა. ის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ოფიციალურად ჩაითვალა 5 დეკემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოაწერა ხელი სასამართლოს გადაწყვეტილებას კალანდაძისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის თაობაზე. ამასთან, გუშინდელ პროცესზე კალანდაძე აცხადებდა, რომ ის თანამდებობრივ სარგოს იღებდა 5 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, კალანდაძის მიმართ 2012 წლის 12 და 19 ნოემბერს ბრალის წარდგენის დადგენილება გაუქმდა. თუმცა კალანდაძე ისევ რჩება ბრალდებულად ორი მულით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძე პირველად დააკავეს 2012 წლის 7 ნოემბერს და მას ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მაშინ კალანდაძისთვის ბრალის წარდგენა იუსტიციის მინისტრის მიერ მოხდა. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კალანდაძეს 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
2012 წლის 12 ნოემბერს კალანდაძეს პროკურატურამ მეორედ წაუყენა ბრალი სხვა საქმეზე, ოღონდ იმავე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. აღნიშნულ საქმეზე კალანდაძეს სასამართლომ 10 ათასი ლარი შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით.
მესამედ კი კალანდაძეს ბრალი ორი მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა – 2012 წლის 19 ნოემბერს. თუმცა სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდებია.