ინტერნეტ-ტელევიზია Kanal-13-ის აღმასრულებელი დირექტორი აზიზ ორუჯევი, რომელიც ბაქოში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ერთხელ უკვე დაკავებული იყო, ამჯერად უკანონო მეწარმეობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
მისი ადვოკატი ელჩინ სადიგოვი, რომელიც ამავე დროს საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის უფლებებსაც იცავს, აცხადებს, რომ ორუჯევი პოლიციის იზოლატორიდან აზერბაიჯანის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს.
ინტერნეტ-ტელევიზია Kanal-13 2008 წლის აგვისტოდან მაუწყებლობს ვებგვერდზე www.kanal13.tv. გამოცემა ამზადებს ჟურნალისტურ მასალებს ადამიანების უფლებების, გენდერული თანასწორობის შესახებ და წარმოადგენს განსხვავებულ პოზიციებს მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.
ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მისივე განმარტებით, Kanal-13-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის მედიის კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელი, გერმანიაში მცხოვრები აზიზ ორუჯევის ძმა, ანარ ორუჯევია.
როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა “კავკაზსკი უზელთან” აცხადებს, მუხლები, რომლებიც ამ შემთხვევაში პროკურატურამ ორუჯევის შემთხვევაში გამოიყენა, სხვა ოპოზიციონერების დაკავების დროსაც აქტიურად გამოიყენება.