ახალი ამბები

პრეზიდენტი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე: ვიდეოკასეტებით ომი კი არა, საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა

2 ივნისი, 2017 • 1953
პრეზიდენტი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე: ვიდეოკასეტებით ომი კი არა, საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს კითხვებისთვის ჯერ პასუხი არ გაუციათ, თუმცა სახეზეა “მდაბიო პიარ-ომი და ვიდეო-ომი”.

“ვიდეოკასეტებით ომი კი არ არის საჭირო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მივიდა და გენერალურ აუდიტორთან, ასევე უწყების სხვა თანამშრომლებთან გამართა შეხვედრა.

“მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, როცა, სამწუხაროდ, რაღაც გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. იმას, რაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, სჭირდება ძალიან ნათელი და პირდაპირ პასუხი. დღეს, სამწუხაროდ, ერთი და იგივე ტენდენციას ვხედავთ, მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ამას რაღაცნაირად ფუთავენ, ჩაფარცხავენ და გადააპიარებენ თუ არც ვიცი, რა შეიძლება  დაერქვას. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემებია პასუხგაუცემელი საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცულობასთან მიმართებაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გენერალურმა აუდიტორმა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავდასხმაში დაადანაშაულა. შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ არ დასრულებულა. შსს-მ გაავრცელა კაფე ელ ცენტროში მომხდარი ინიციდენტის ნაწილის ამსახველი კადრები. პარალელურად ინტერნეტში გავრცელდა სხვა კაფეში მომხდარი მეორე ინციდენტის ვიდეო-კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ლაშა თორდია ფიგურირებს.

“დღეს უკვე გავიდა რამდენიმე კვირა, მაგრამ არანაირი პასუხი არ არსებობს გარდა რაღაც კომიკური პიარომისა, მე ვსვამ კითხვას: როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს კითხვებზე?”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი