ახალი ამბები

კობახიძე: პრეზიდენტის მიზანი პირველივე დღიდან იყო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაცია

1 ივნისი, 2017 •
კობახიძე: პრეზიდენტის მიზანი პირველივე დღიდან იყო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაცია

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი კომისიის შექმნის დღიდან ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც ამ კომისიის დისკრედიტაცია იყო. ირაკლი კობახიძის განცხადებას პარლამენტი ავრცელებს.

დღეს, 1 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი პრაქტიკულად  ნულოვანი კონსენსუსით არის მიღებული.

” შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის ურთულესი პროცესი დემოკრატიული ჩართულობის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ემხრობოდა პროცესის გახსნილობას,” – განაცხადა აბაშიშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის არასერიოზული განცხადება.

“პრეზიდენტი თავიდანვე, პირველივე დღიდან იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო კომისიის დისკრედიტაცია. ხელის შემშლელი საქმიანობა პირდაპირ წარმოებდა. როცა დაიწყო უკვე საყოველთაო-სახალხო განხილვა, მე  ვთქვი, რომ შედგა სპეციალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და იმ შეხვედრაზე შეთანხმდა კონკრეტული დესტრუქციული გეგმა. ამის მონაწილე, სამწუხაროდ, იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეს არის ძალიან სამწუხარო დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ კონსტიტუციის პროექტს პარლამენტი ივნისის თვეში ორი მოსმენით მიიღებს:

“პირველ რიგში, საკომიტეტო ფორმატში განიხილება საკონსტიტუციო პროექტი, შემდეგ უკვე გადავალთ პლენარულ განხილვებზე. მანამდე შედგება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა და ამ ყველაფრის საფუძველზე, ჩვენ კიდევ ერთხელ შევიმუშავებთ ისეთ დოკუმენტს და  ივნისის თვეში ორი მოსმენით მივიღებთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და რომელიც დაადგენს ძალიან გამართულ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი