ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წულუკიანი: აზერბაიჯანელებს საქართველოში ბინადრობის მოწმობის გარეშეც არ ეზღუდებათ უფლებები

1 ივნისი, 2017 •
წულუკიანი: აზერბაიჯანელებს საქართველოში ბინადრობის მოწმობის გარეშეც არ ეზღუდებათ უფლებები

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მოწმობების გაცემის ბოლოდროინდელი შეზღუდვის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“ჩემი კომენტარი არის შემდეგი, თითოეულ აზერბაიჯანის და კიდევ სხვა ბევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომლის სია დადგენილია საქართველოს მთავრობის აქტით, აქვთ საქართველოში უვიზოდ ყოფნის, ყოველგვარი საბუთის გარეშე, თავისუფლად ყოფნის უფლება და დღეს ის მოქალაქეები, აზერბაიჯანის, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის ნებართვას, იმყოფებიან აბსოლუტურად კანონიერად ჩვენს ტერიტორიაზე. მათ არ ეზღუდებათ არანაირი უფლებების რეალიზაცია, რადგან აზერბაიჯანი არის მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ქალბატონი მუხთარლი, ჩვენს ტერიტორიაზე აბსოლუტურად კანონიერად, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესების დაცვით იმყოფება”, – განაცხადა მინისტრმა.

აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო იდევნებიან და ბოლო წლებში საცხოვრებლად საქართველოში ჩამოდიან, საქართველოს ხელისუფლება “ბინადრობის მოწმობებს” არ აძლევს ან აღნიშნული დოკუმენტის ვადის გაგრძელებაზე “ქვეყნის უსაფრთხოების” მიზეზით უარს ეუბნება.

იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებს ბინადრობის მოწმობის გარეშეც შეუძლიათ საქართველოში კანონიერად ცხოვრება, მოსალოდნელი საფრთხის გამო აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები, ჟურნალისტები, აქტივისტები და მათი ოჯახები იძულებული არიან სხვადასხვა საელჩოს დახმარებით საქართველო დატოვონ და ევროპის ქვეყნებში გაემგზავრნენ, თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მათი აზერბაიჯანული პასპორტების ხანგრძლივობის ვადის ამოწურვის გამო [აზერბაიჯანის საელჩო ახალი პასპორტების გაცემაზე მათ უარს ეუბნება] ეს შესაძლებლობაც შეზღუდული აქვთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი