საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას წარუდგინა სათათბირო ორგანომ − სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ.
ამ ხუთეულიდან მთავრობამ არ დაამტკიცა ორი კანდიდატი, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე.
მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია:
1. ლადო ჭანტურია
2. სოფიო ჯაფარიძე
3. შოთა გეწაძე
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა.
მოსამართლეობის სურვილი 68 პირმა გამოთქვა. კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ უცხო ენის გამოცდაზე 24 კანდიდატი მიიწვია. მათ უფლება ჰქონდათ, ევროსაბჭოს ორი ოფიციალური ენიდან (ინგლისური, ფრანგული) აერჩიათ ერთ-ერთი და ჩაებარებინათ გამოცდა. ინგლისურ ენაში კანდიდატებისთვის ტესტირება − ბრიტანეთის საბჭომ, ხოლო ფრანგულ ენაში საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ჩაატარა.
უცხო ენის ცოდნის დონის შემოწმების შემდეგ გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა, მათგან 23-ს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. რაც შეეხება ერთ კანდიდატს − გიორგი პაპუაშვილს, ის კონკურსს გასაუბრების ეტაპზე საკუთარი სურვილით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურდა კონკურსში მონაწილეობა.
სამკაციან სიას საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს ივნისში წარუდგენს, საიდანაც ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთ-ერთ კანდიდატურას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეარჩევს.