ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას ელოდება

1 ივნისი, 2017 •
საპარლამენტო უმრავლესობა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას ელოდება

საპარლამენტო უმცირესობა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და შინაგა საქმეთა მინისტრს იბარებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი სიტუაციაში გასარკვევად გამოძიების დასრულებას ელოდება.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ყოველგვარ ლოგიკურ აზროვნებას მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ადამიანი, რომელსაც სამშობლოში პატიმრობა ელოდა, საკუთარი ფეხით გადასულუყო საზღვარზე.

“ამასვე ადასტურებს  შინაგან საქმეთა მინისტრის არაკომპეტენტური და დაბნეული განცხადება. ეს ადასტურებს, რომ ამ ქმედებებში  საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ან ჩართული არიან, ან ეს სტრუქტურები საერთოდ ჩამოშლილია. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და შემდეგ შესაძლებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ასე რომ, მინისტრმა პარლამენტის წინაშე უნდა გააკეთოს განმარტებები,” – ამბობს აბესაძე.

“ნაციონალური მოძრაობა” კი ვახტანგ გომელაურისა და გიორგი მღებრიშვილის გადადგომას მოითხოვს. რომან გოცირიძის განცხადებით, შეუძლებელია ასეთი სპეცოპერაციის ჩატარება, თუ ის ხელისუფლებასთან არ არის შეთანხმებული:

“საქართველოს მთავრობამ შელახა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყანას შეულახა ეროვნული ღირსება და მან უკანონოდ ითანამშრომლა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს ფაქტი სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი, მანამდე საქართველოს ორი ძალოვანი უწყების წარმომადგენელი უნდა გადადგეს,” – ამბობს გოცირიძე.

“ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები ძალოვანი უწყებების დისკრედიტაციას იწვევს. ეკა ბესელიას თქმით, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ:

“ველოდებით გამოძიების პირველად მონაცემებს, რათა სწრაფად გავიგოთ, რა მოხდა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. “ნაციონალური მოძრაობის” პირველი განცხადებები გადადგომაზე სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი ფორმულირება არ არის და მხოლოდ მათი სურვილია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი