ახალი ამბები

ბენეფიციარები შშმპ დაწესებულებებში ძალადობაზე საუბრობენ

28 თებერვალი, 2013 •
ბენეფიციარები შშმპ დაწესებულებებში ძალადობაზე საუბრობენ

მონიტორინგი განხორციელდა 13 სახელმწიფო დაწესებულებაში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ბავშვები არიან განთავსებულნი: მაგალითად, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში, ქუთაისის 43-ე საჯარო სკოლაში (სპეციალური სკოლა-პანსიონი ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის), ჭიათურის #7 საჯარო სკოლაში (სკოლა პანსიონი შშმ ბავშვებისთვის) და ა.შ.

 

მონიტორინგის ფარგლებში, პრევენციის ეროვნული ჯგუფი შეხვდა და ესაუბრა 130-ზე მეტ ბენეფიციარს:

 

“მათგან მრავალი საუბრობდა დაწესებულებებში არსებულ ძალადობრივ ატმოსფეროზე, რომელიც ვლინდება ფიზიკური, ვერბალური და ემოციური ძალადობის სისტემატური განხორციელებით”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, მაგალითად, ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლაში გამოვლენილი იქნა დაწესებულების პერსონალისა და განსაკუთრებით დირექტორის მიერ ბენეფიციარებზე ფიზიკური და ფსიქოლიგიური ძალადობის არაერთი ფაქტი.

 

ანგარიშში აღწერილია რამდენიმე მაგალითი და ერთ-ერთი მათგანი ასეთია:

 

“13 წლის მოზარდმა განაცხადა: “მირტყამენ ეს მასწავლებლები. ნ. ჰქვია ამ ქალს. ლ. მასწავლებელიც სცემს ბავშვებს. დირექტორი ხელით სცემს, აი, ასე – გვანახა გაშლილი ხელი. ბავშვებს ეშინიათ დირექტორის. თუ რამე დააშავე, საჭმელი შეიძლება არ გაჭამონ, ოთახში ჩაგკეტონ, ლ. და ნ. კეტავენ”. 

 

ანგარიში 82-გვერდიანია და მასში დარღვევების გარდა მოცემულია რეკომენდაციებიც. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებიან ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სწორედ მათი უწყებების მიმართ იძლევა სახალხო დამცველი ძირითად რეკომენდაციებს. მაგალითად, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს, რომ განახორციელონ შშმ პირთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის ყველა სავარაუდო შემთხვევის მოკვლევა და მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები მოძალადეთა მიმართ; მოხდეს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის უზრუნველყოფა; დანერგონ შშმ პირთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციის იდენტიფიცირებისა და რეაგირების ეფექტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ფაქტების დროულ გამოვლენასა და ადეკვატურ რეაგირებას.

 

ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი გამართავს სამუშაო შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მიზანია სფეროში არსებული პრობლემების გაანალიზება და სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი