პარტია “გირჩი” საქართველოში მცხოვრებ პოლიტიკურ დევნილებს სთავაზობს გახდნენ ამ პარტიის წევრები, ან „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურები. ამის შესახებ განცხადება პარტიამ დღეს, 1 ივნისს გაავრცელა.
განცხადების თანახმად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოში გაუჩინარება და შემდეგ აზერბაიჯანში, საპყრობილეში აღმოჩენა, არის ქვეყნის სირცხვილი და კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაცია, თუ ქართული სპეცსამსახურების მიერ მოხდა ჟურნალსიტის გადაცემა:
“ჩვენ არ ვენდობით ხელისუფლებას და არ გვჯერა, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდება რეალურად და ობიექტურად. მეტიც, ვფიქრობთ, რომ როგორც აქამდე უკვე არაერთხელ მომხდარა, ხელისუფლება, გამოძიების პროცესის დროში გაწელვით, ყველანაირად ეცდება მიჩქმალოს ეს საქმე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საკუთარ ქვეყანაში არ არის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ექმნებათ საქართველოს ხელისუფლების მიერ მშობლიურ ქვეყანაში ექსტრადიციის საფრთხე. ამის ერთ-ერთი მაგალითია რამდენიმე დღის წინ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი პროფესორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებაც.
ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება მეზობელ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან. მაგრამ, ამავე დროს, გვჯერა, რომ არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაა; ქვეყნის, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება არის გარანტირებული, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რასისა, კანის ფერისა, სექსუალური ორიენტაციისა, ქონებრივი მდგომარეობისა და მოქალაქეობისა. თუ ქართული სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე არ ან ვერ იცავს სხვა ქვეყნის მოქალაქის თავისუფლებას, საფრთხის ქვეშ დგება ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქის თავისუფლებაც,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ თავისუფალი ქვეყნის აშენება, და ეს უნდა იცოდეს ნებისმიერმა ჩვენმა უშუალო თუ შორეულმა მეზობელმა. მათი თქმით, ეს უნდა იყოს ხელშეუვალი მოცემულობა, რომელზეც დაშენდება ჩვენი შემდგომი ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანასთან.
ამ რეალობის გათვალისწინებით, გირჩი გამოდის შემდეგი ინიციატივებით:
“1. ვინც საქართველოს აფარებს თავს საკუთარ ქვეყანაში მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო, მიგვაჩნია ჩვენს მეგობრებად და ნამდვილ თანამებრძოლად. როგორც ქართული სახელმწიფოს მონობისგან ყველა საშუალებით ვიცავთ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ჩვენი სტუმრების დასახმარებლად და ნებისმიერი შეფერილობის სახელმწიფო ძალადობისგან დასაცავად. მათ შორის, ვთავაზობთ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანს, გახდეს გირჩის წევრი ან „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური.
2. აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაძლო წყაროების გამოყენებით შევაგროვებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა ეს ადამიანი საქართველოდან აზერბაიჯანის საპყრობილეში; არ მივცემთ საშუალებას საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებს, მიჩქმალონ ფაქტები; მოპოვებულ მონაცემებს გავხდით საჯაროს ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
ნურავის დაავიწყდება, რომ ეს არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა – ,,დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,” – აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.
აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
საქართველოს სახალხო დამცველმა 30 მაისს ფეისბუკზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
“ან უნდა მოვისმინოთ განმარტება შსს-სგან და სუს-ისგან როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში, ან აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. სირცხვილი საქართელოს,” -წერდა უჩა ნანუაშვილი.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.
აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის [206 მუხლი], სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა [318 მუხლი] და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის [315.2 მუხლი] წარუდგინა. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში 31 მაისს გაიმართა.