ჟურნალისტ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.
აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის [206 მუხლი], სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა [318 მუხლი] და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის [315.2 მუხლი] წარუდგინა.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ჩხრეკის დროს მას დიდი ოდენობის ფული აღმოაჩნდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.