ახალი ამბები

ნიკა გვარამია: თუ სექტემბრამდე რ2-ის ფინანსურ პრობლემებს ვერ მოვაგვარებ, არხიდან წავალ

31 მაისი, 2017 • 8109
ნიკა გვარამია: თუ სექტემბრამდე რ2-ის ფინანსურ პრობლემებს ვერ მოვაგვარებ, არხიდან წავალ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს, არხს დატოვებს.

ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლო პროცესებისა და ყადაღის გამო მათ ხელი არ მიუწვდებათ საბანკო სექტორზე, რის გამოც ტელევიზიის ფუნქციონირება ძალიან რთულია:

“ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი ასე შვრება, ჩემი აზრით. მნიშვნელობა არ აქვს, ობიექტური მიზეზი იქნება, თუ სუბიექტური, ადამიანების უზრუნველყოფა უნდა შეძლო. თუ ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებ, ტელევიზიას დავტოვებ. დრო სექტემბრამდე მაინც დამჭირდება, ვნახოთ”.

მისივე განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი თანამშრომლების შემცირებას, ასევე, შემოსავლებისა და ხარჯების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

საქმე ეხება 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი