“თუ სიტუაცია არ იქნება ნორმალიზებული, მაშინ ჩვენ საქართველოდან ჩვენი ექსპერტების გამოწვევის საკითხს დავსვამთ,”- განუცხადა ინტერფაქსს რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსმა, გენადი ონიშენკომ.
“თუ რუსი სპეციალისტების შეურაცხყოფა და სხვა ქმედებები, რომელიც ნორმალურ სამუშაოს აფერხებს, არ შეწყდება, მაშინ ჩვენი ექპსერტების ვადაზე ადრე გამოწვევის საკითხი ღიად დარჩება,”- განაცხადა ონიშენკომ.
გუშინ, 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან საუბრის დროს გაკეთებულ განაცხადებაში ეჭვი შეიტანა რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტთა საქართველოში ვიზიტის მიზანზე.
“ჩამოვიდა რუსეთის დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი ჩვენი ჩინოვნიკები, ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანაკალებული ხელებით უსხამენ ღვინოებს, აბა, მოეწონებათ თუ არა, და თვალებში შესციცინებენ. გამახსენდა გოგოლის რევიზორი. არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში უნდა ჩაუდო 2 კაპიკი და ძალიან ბედნიერი წავა. ყველამ კარგად ვიცით, რისთვის არის ჩამოსული. თქვენ გგონიათ ქიმიკატების გასაზომად არიან ჩამოსულები და ჰგონიათ, რომ ქართულ ღვინოში შხამია? მე მინდა უბრალოდ კითხვა დავსვა. ბავარიული ლორი და ძეხვი რომ შედის რუსეთში, ბავარიის ქარხნებში უშვებენ რუსებს, სადაც დაოთხილები დგანან მათ წინაშე? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, რომ როცა ჩამოდიოდნენ, დაოთხილებს გვევლო, გვესიამოვნებინა და მუცელი ხელით გვეფხანა მათთვის? რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს რაღაც მონური კომპლექსი და სურვილი, რომ რაღაცნაირად ვასიამოვნოთ?”





