ახალი ამბები

მანანა კობახიძე: სასამართლო არის სააკაშვილის

25 თებერვალი, 2013 •
მანანა კობახიძე: სასამართლო არის სააკაშვილის

აღნიშნული განცხადება მანანა კობახიძემ დღეს, 25 თებერვალს, “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში”

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

სტუმრობისას გააკეთა.

 

“ეს არის კოაბიტაცია. ეს არის, როცა სააკაშვილი გყავს ხელისუფლებაში, სააკაშვილი, რომელიც მიჩვეულია, რომ 10 წელი მართავდა პარლამენტს, ჯიბეში ყავდა სასამართლო, სააკაშვილი ისევ არის. ალბათ, საზოგადოებამაც სწორად უნდა გაიგოს ეს ყველაფერი. რაც არ უნდა მოინდომოს პროკურორმა და რაც არ უნდა გამყარებული მტკიცებულებები წარმოადგინოს, თუ მოსამართლეს არ უნდა, უბრალოდ დააბრახუნებს ამ ჩაქუჩს და გაათავისუფლებს ბრალდებისგან ადამიანს.

 

ვიდრე ამ ქვეყანაში არსებობს სააკაშვილი, ვიდრე ის მიიჩნევს, რომ უნდა იყოს კონტროლიორი და სასამართლო ხელისუფლება თურმე მისი ბოლო დასაყრდენია და ერთადერთი, რაც მათ დარჩათ, ეს არის სასამართლო, მაშინ გამოდის, რომ ვიდრე სააკაშვილი ამ თავისი რიტორიკით არსებობს ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, სასამართლო ქვეყანას არ ყავს”,  – განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

გადაცემის ავტორ ნინო ჟიჟილაშვილთან საუბრისას პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ასევე ისაუბრა იმ სასამართლო რეფორმაზეც, რომლის გატარებასაც ხელისუფლება გეგმავს, რათა მან შეძლოს მთავარი საარჩევნო დანაპირების – “სამართლიანობის აღდგენის” – შესრულება. კობახიძის მოსაზრებით, მას წარმოუდგენლად მიაჩნია, თუ როგორ უნდა გადახედონ იმ ათასობით გადაწყვეტილებას იგივე მოსამართლეებმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილებები გამოიტანეს. 

 

მანანა კობახიძის თქმით, სასამართლოს ერთი ადამიანი – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა მართავდეს. 

 

“ძალიან ბევრი პოლიტიკური განცხადება გააკეთა კოტე კუბლაშვილმა ბოლო დროს, ეს არ არის სწორი. პოლიტიკურ განცხადებას უნდა აკეთებდეს დეპუტატი, პარლამენტის ვიცე- სპიკერი, მაგრამ როცა სასამართლოს თავმჯდომარე გამოდის და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ზუსტად ეს არ არის სწორი.

 

ჩვენ უნდა გავატაროთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომ კოტე კუბლაშვილის წნეხისგან გავათავისუფლოთ მოსამართლეები”, – მიიჩნევს მანანა კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი