ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენს მთავრობაში მილიონებს არავინ არ აკეთებდა

25 თებერვალი, 2013 •
სააკაშვილი: ჩვენს მთავრობაში მილიონებს არავინ არ აკეთებდა

“ჩვენს მთავრობაში მილიონებს არავინ არ აკეთებდა, ვერ გააკეთებდა, არ გააკეთებდა და არ გავაკეთებინებდით, ეს არ იყო ჩვენი მოწოდება. ვერ დაიჯერა ამ ხალხმა, რომ შეიძლება მართლა გულწრფელად გინდოდეს შენი ქვეყნის აშენება, მართლა გულწრფელად გინდოდეს ეს აღმშენებლბა, მართლა გულწრფელად გინდოდეს, რომ შენს შვილებს და შვილიშვილებს ჰქონდეს კარგი მომავალი და ცხოვრობდნენ ნორმალურ ქვეყანაში და პირადი ჯიბის გასქელება არ იყოს შენი მოტივაცია. რა მილიონებზე და მილიარდებზე გველაპარაკებიან?  ამაზე გველაპარაკება ის ხალხი, ვინც მართლა აკეთებდა ამას 90–იან წლებში, ვინც დაბრუნდა ახალ თანამდებობებზე და ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ თუ ასე არ ვაკეთებდით მილიონებს, სულელები და ბრიყვები ვიყავით”,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

 

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ჯოზეფ ქეის ჩვენებას “იმედის” საქმეში  ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელშიც მისი სახელია ნახსენები.

 

“იქ ჩემი სახელიც იქნა ნახსენები  ძალიან უცნაურად ამ მთელ საქმეში. ეტყობა, ერთი გასროლით ორი კურდღლის, ჩიტის თუ რაღაც ცხოველის მოკვლა უნდათ. ჩვენ არ ვართ არც კურდღლები და არც ჩიტები. იმდენად სულელურად და უცნაურად იყო აღწერილი, სადაც მე არ ვყოფილვარ, სადაც ეს მოიგონეს, ჩემი ნდობა ყველაფერ დანარჩენისადმი არის ძალიან დაბალი. თუმცა სასამართლოზე გაირკვევა ყველაფერი”, – განაცხადა პრეზიდენტმა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

სესილია მალმსტრომი და მიხეილ სააკაშვილი/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
სესილია მალმსტრომი და მიხეილ სააკაშვილი/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი