ტელეკომპანია “იმედის” საქმეში უგულავსთან ერთად ფიგურირებს დავით კეზერაშვილი, რომელიც, საქმის მასალებით, დაუკავშირდა “იმედის” მფლობელს ჯოზეფ კეის და მოითხოვა მისგან ტელევიზიის დათმობა. კეის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით, კეზერაშვილის ეს მოთხოვნა შეთანხმებული იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან, ხოლო წილის გადაფორმების საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის მერი გიგი უგულავა.
დავით კეზერაშვილს სხვა საქმეზე ერთხელ უკვე წაუყენა ბრალი პროკურატურამ ერთი თვის წინ – საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება და 1 თებერვალს მთავარ პროკურორმა განაცხადა, რომ მასზე გამოცხადდებოდა ძებნა.
