მხატვარი აფხაზეთიდან, ეკატერინე გუსკოვა აცხადებს, რომ სომხეთში გამართულ გამოფენაზე ARvesT Expo 2017 Yerevan, რომელიც 2017 წლის 23-29 მაისს გაიმართა, აიძულეს, რომ ნამუშევრები ანონიმურად გამოეფინა.
როგორც გუსკოვა რუსულ მედიაგამოცემა სპუტნიკთან ამბობს, გამოფენაზე ერთადერთი მონაწილე იყო, ვის ნამუშევრებსაც მინაწერი არ ჰქონია.
“გამოფენის კატალოგები და ნახატებზე მინაწერები უკვე დაბეჭდილი იყო. ქართულმა მხარემ ორგანიზატორებს შესთავაზა, აფხაზეთთან საქართველოც მიეწერათ. როდესაც ამის შესახებ მაცნობეს, ბუნებრივია, უარი ვთქვი ამ შეთავაზებაზე, რამდენადაც ჩვენ არ ვართ საქართველო. მერე ორგანიზატორებმა შემომთავაზეს, რუსეთის სახელით მიმეღო მონაწილეობა, რამდენადაც მე ამ ქვეყნის მოქალაქეც ვარ. ამაზეც უარი ვთქვი. კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი იყო. როგორც აღმოჩნდა, ქართველებმა ორგანიზატორებს შესთავაზე,ს შავი მარკერით გადაეშალათ კატალოგში სიტყვა “აფხაზეთი”.
როგორც მხატვარი ამბობს, გამოფენას სომხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ, რათა ადგილზევე დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი მოთხოვნა გათვალისწინებული იყო.
ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს. შესაბამისად, როდესაც საუბარია საერთაშორისო ღონისძიებებში მათ ცალკე ქვეყნებად მონაწილეობაზე, ქართული მხარის, კერძოდ, ამა თუ იმ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, აფხაზებს და ოსებს მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. მსგავსი ფაქტები ყოველთვის აფხაზური და ოსური მხარეების უკმაყოფილებას იწვევს, რასაც ხშირად დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო უწყებების ოფიციალური განცხადებები მოსდევს იმის შესახებ, რომ ქართული მხარე ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როდესაც ერთი მხრივ, აფხაზ და ოს ხალხს “და-ძმებად” მოიხსენიებს, და მეორე მხრივ, ჰუმანიტარული ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.