მიხეილ ჩინჩალაძე – უვადოდ დანიშნული მოსამართლე, რომელიც დღეიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეც იქნება, მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერის მიღების შემდეგ შენობას ავტომობილებისთვის განკუთვნილი გასასვლელიდან ტოვებს.
ჩინჩალაძე სააპელაციოს თავმჯდომარის პოსტზე იუსტიციის საბჭოს წევრმა, შოთა გეწაძემ წარადგინა, რომელიც გუშინ, 28 მაისს, სტრასბურგის მოსმართლეობის კანდიდატთა ხუთეულში შეიყვანეს.
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედმა თავმჯდომარემ, ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეჭვობს, რომ წინასწარ იყო გადაწყვეტილი, თუ ვის უნდა შეეცვალა ცერცვაძე.
[red_box]უკონკურენტო კანდიდატი[/red_box]
სააპელაციოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო. ეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ აუცილებელი იყო, სააპელაციოს სხვა მოსამართლეებისთვისაც ეკითხათ, თუ სურდათ ამ თანამდებობაზე კენჭისყრა. ასევე, მის მოთხოვნა იყო, რომ გასუბრებოდნენ კანდიდატებს. ამ ინიციატივას საბჭოს სხვა წევრებსა და მჭედლიშვილს შორის კამათი მოჰყვა – წევრებს სასამართლოს თავმჯდომარის დღესვე დანიშვნა სურდათ და ვახტანგ მჭედლიშვილი გაჭიანურების მცდელობაში დაადანაშაულეს.
საბოლოოდ კამათი დასრულდა იმით, რომ გამოაცხადეს შესვენება, სადაც საბჭოს წევრებს, ვახტანგ მჭედლიშვილსა და გოჩა მამულაშვილს საშუალება მისცეს, დაერეკათ და ეკითხათ სხვა მოსამართლეებისთვის, სურდათ თუ არა კენჭისყრა. მჭედლიშვილის თქმით, ჩინჩალაძის წინააღმდეგ კენჭისყრაზე თავისი კანდიდატურის დაყენების თაობაზე ყველამ უარი თქვა.
ამიტომ საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძეს მოუსმინა, რომელსაც გასაუბრებაზე კრიტიკული კითხვები ვახტანგ მჭედლიშვილმა დაუსვა.
[red_box]ჩინჩალაძის პასუხები[/red_box]
ვახტანგ მჭედლიშვილმა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ საზოგადოებაში მის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა და მიხეილ ჩინჩალაძე ფაქტობრვად დისკრედიტირებულია. მჭდლიშვილის თქმით, რადგან სასამართლო ხელისუფლება საზოგადოების ნდობის ნაკლებობას განიცდის, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ კითხვის ნიშნების მოსახსნელად პირადი ინტერესები მართლმსაჯულების ინტერესების სასარგებლოდ გვერდზე გადაეწია.
როგორც პასუხიდან გაირკვა, მიხეილ ჩინჩალაძე ამ შეხედულებას არ ეთანხმება:
“ყველა ბრალდებას უნდა ჰქონდეს თავისი საფუძველი. თქვენ მეუბნებით იმას, რომ პრაქტიკულად, მე ვარ დისკრედიტირებული და თურმე ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა და ვაღიარო ის, რასაც მაბრალებენ. მე არც ერთ ბრალდებას არ ვიღებ. ეს უნდა იყოს დასაბუთებული. გავიაროთ პუნქტობრივად, ჩემ წინააღმდეგ რა ბრალდებები არსებობს. მზად ვარ, ნებისმიერ ბრალდებას ვუპასუხო, მაგრამ ახლა ასე პოლიტიკოსს არ მოვეწონები, ვიღაცას არ მოვეწონები იმის გამო, რომ ზოგიერთი თავმჯდომარესავით მხარესთან არ დავდივარ საქმეების განხილვის დროს. ეს არის სერიოზული და ამას ვერც მივიღებ და არც გავაკეთებ… იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოვწონვარ, ნამდვილად არ მიზღუდავს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც შეიძლება საბჭომ დამაკისროს,”- განაცხადა ჩინჩალაძემ.
რუსთავი 2-ის გენერალურიმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიხეილ ჩინჩალაძე რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ზეწოლაში არაერთხელ დაადანაშაულა. გვარამია ასევე ამბობდა, რომ როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს ჩინჩალაძე ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.
მიხეილ ჩინჩალაძე ვახტანგ მჭედლიშვილთან საუბრისას რუსთავი 2-ის საქმესაც შეეხო. მან განაცხადა, რომ სასამართლო კორპუსში არ მოიძებნება მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ რაიმე საქმის გაკეთება დაავალა.
“რომ გამოდიან და ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის საქმის სამ მოსამართლეზე ჩინჩალაძეს ჰქონდა ზეწოლა, შემიძლია გითხრათ, რომ არათუ ზეწოლა, თქვენ თუ იმ სამ მოსამართლეს გაესაუბრებით და ის მოსამართლე იტყვის, რომ ან ამ წელს, ან წინა წელს, გამარჯობის გარდა, სულ ორი-სამი შეხვედრის გარდა, პლენუმზე და სხვა საქმის დიდ პალატაზე, რამე სხვა გადაკვეთის წერტილი მქონდა, მე მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო,”- განაცხადა ჩინჩალაძემ.
ვახტანგ მჭედლიშილმა ჩინჩალაძეს ჰკითხა, რომ თუკი თვითონ არ იყო ეს ადამიანი, მაშინ ვინ ასრულებდა სასამართლო სისტემაში პროკურატურის დაკვეთებს – “საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა ზეწოლა და არსებობდნენ პიროვნებები, რომლებიც პროკურატურისა და პოლიტიურ ხელისუფლებას შორის დაკვეთას ახორციელებდნენ. თქვენ რადგან მოუწოდებთ სხვას, რომ თქვან ჩემზე, დავალება თუ მიმიციაო, თქვენ თუ იყავით ამ სისტემაში, თანაც მაღალი თანამდებობის პირი, მაშინ თქვენ დაასახელეთ, ვინ იყვნენ ისინი, ვისი მეშვეობითაც ხორციელდებოდა სისტემაში კომუნიკაცია,” – ჰკითხა მჭედლიშვილმა ჩინჩალაძეს.
ამაზე ჩინჩალაძემ უპასუხა, რომ მტკიცებულებების გარეშე ვერ ისაუბრებს:
“მე არ ვარ ორღობის ჭორიკანა, რომ ასე ჰაერზე ვილაპარაკო, მე თუ არ მექნება მტკიცებულებები, იმის გარეშე ვერ ვიტყვი. შემიძლია ჩემს თავზე გითხრათ, რომ მე ვიყავი ადმინისტრაციული პალატის თამჯდომარე უზენაეს სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით თუ არის კითხვები, მზად ვარ, გიპასუხით. სისხლში რა ხდებოდა და სამოქალაქოში რა ხდებოდა, მე ნუ მისვამთ ამ კითხვას იმიტომ, რომ უხერხულია,”- თქვა მან.
მჭედლიშილის თქმით, თუ მთელი საზოგადოება თანხმდება, რომ იმ წლებში “კომუნიკატორი” ნამდვილად არსებობდა, მაშინ რატომ არ იცის ამის შესახებ არავინ და ვერ ასახელებენ ამ ადამიანს.
ამ კითხვის დასმისას საუბარში იუსტიციის საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრი ჩაერია, რომელებმაც განაცხადეს, რომ ასეთ კითხვები “გამოძიება” და “დაკითხვაა”.
ჩინჩალაძის თქმით, “აბსურდის თეატრისგან შედგება მთელი ეს ბრალდებების ჯაჭვი”, რომელსაც მას უყენებენ და არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ ვინმესთვის თვალებში ჩახედვა უჭირდეს:
“ასევე არის აბსურდული ბრალდება, თითქოს მე ოლქის პროკურორობისას ვისარგებლე დუმილის უფლებით. მე ვიყავი ორი ოლქის პროკურორი დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, შეიძლება ისიც დამაბრალონ, რომ იქ სხდომის ოქმი ვიღაცას რაღაც გადავამოწმებინე, ყველაფერ უბედურებას მაბრალებენ, ზოგჯერ საკუთარი თავის მეშინია, ისეთ რაღაცებს მაბრალებენ. კიდევ მაღლა ვწევ სტანდარტს და ვამბობ, რომ ამოიღეთ ერთი საქმე, სადაც მე ვიყავი პროკურორად გასული პროცესზე. ასეთს ვერ იპოვის ვერავინ იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში, როდესაც 25 პროკურორი გყავს, შენ წახვიდე პროცესზე და იქ ბრალდებას დაუჭირო მხარი. როცა ასეთ აბსურდზეა საუბარი და ამაზე მეუბნებით, რომ აქ ასეთი კითხვის ნიშნებია და ამის გამო ყველაფერზე თქვი უარი, მე პრობლემა არ მაქვს უარის თქმის, მაგრამ, უნდა იყოს დასაბუთებული. არც ბოდიშის მოხდა მეშლება, არც შეცდომის აღიარება. ამ კონტექსტში მე ვარ მართალი. ამიტომ არავისთვის არ მიჭირს თვალებში შეხედვა და არც არაფერი,”- ამბობს ჩინჩალაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მიხეილ ჩინჩალაძეს ათწლიანი სამოსამართლეო საქმიანობის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული მხოლოდ 250 საქმის განხილვაში, რაც 10 წლის მანძილზე შეადგენს თვეში დაახლოებით ორ საქმეს. 2014 წელს მან განიხილა 2 კერძო საჩივარი, 2015 წელს- 1 კერძო საჩივარი, ხოლო 2017 წელს- 17 საკასაციო საჩივარი, 1 კერძო საჩივარი და 2 გასჯადობის საქმე.
მჭედლიშვილის კიდევ ერთი კითხვა სწორედ საქმეების განხილვას ეხებოდა, კერძოდ, მან იკითხა, შეცვლიდა თუ არა დამოკიდებულებას და უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა სამოსამართლო საქმიანობაში.
ამ კითხვაზე პასუხისას ჩინჩალაძემ აქცენტი გააკეთა სხვა სასამართლოს თავმჯდომარეზე, რომელსაც მისი თქმით არც ერთი საქმე არ ჰქონდა განხილული:
“ვითარებისდა მიხედვით. ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს. აქ ყველგან ტრიალებს, რომ მე თითქოს საქმეებს არ ვიხილავდი. რაღაც რაოდენობის საქმეები განხილული მაქვს, მაგრამ როდესაც დეტალურად გარკვეულ ჯგუფებს ჰყავთ ის თავმჯდომარე, რომელსაც თითქმის 10 წლის განმავლობაში ორი რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეობისას ერთი საქმე არ განუხილავს, ცოტა უხერხულია, რომ მაინცდამაინც ჩემზე კეთდებოდეს პედალირება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩემი პალატა იყო გამორჩეული. გინდა ვადების დაცვის კუთხით, გინდა სამართალწარმოების ხარისხის კუთხით, ჩემს პალატაში არაფერი არ ფუჭდებოდა, განსაკუთრებით იმ სასამართლოებისგან, სადაც საქმეებში იხრჩობოდნენ მოსამართლეები, მაგრამ თავმჯდომარეს სხვა, ტქენიკური საქმეები ჰქონდა და იმაზე არ არის კითხვები, მაგრა, მაინცდამაინც ჩემზე არის,”- განაცხადა ჩინჩალაძემ.
გარდა ამისა, ვახტანგ მჭედლიშვილთან საუბრისას ჩინჩალაძემ, რომელიც ამ დრომდე, საჯაროდ არ ჩნდებოდა და განცხადებებს არ აკეთებდა, თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს “გახსნილი და გამჭვირვალე” თავმჯდომარე იქნება. მიუხედავად ამისა, მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა დღეს ავტომობილების შესასვლელი მხრიდან დატოვა და ჟურნალისტებს, რომლებიც მას ელოდებოდნენ, კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.
“თუ გავხდები თავმჯდომარე, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, აქ არიან არასამთავრობო ორგაიზაციებიც და ყველანი, რომ ვიქნები ყველანაირად გახსნილი, გამჭვირვალე სასმართლოს თავმჯდომარე, არც ერთ ინფორმაციაზე არ იქნება არც დაგვიანება და არც დახურვა და მაქსიმალურად ვეცდები, როგორც სასამართლო კორპუსთან, ისე გარე სპექტრთან, ვიყო აბსოლუტურად გახსნილი და გამჭვირვალე,”- განაცხადა მან.
[red_box]პროტესტი ჩინჩალაძის დანიშვნის წინააღმდეგ[/red_box]
“მოითხოვე ღირსეული სასამართლო ხელისუფლება” – ვიდრე ჩინჩალაძეს დანიშნავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია გამართა.
მათი განცხადებით, ის ფაქტი, რომ იუსტიციიის საბჭოს წევრების 8 წევრს ვადა ივნისში ეწურება, აჩენს ეჭვებს, რომ საბჭო მოქმედი შემადგენლობის პირობებში და არაფორმალური გარიგებების საფუძველზე ნიშნავს სასურველი კადრს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე.
ნეტგაზეთთან საუბრისას EMC-ის იურისტი, სოფო ვერძეული ამბობს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეობა არის პოზიცია, რომელსაც, ძირითადად, გავლენიანი ჯგუფების წარმომადგენლები იკავებენ.
“სასამართლოს თავმჯდომარეები წლების განმავლობაში ითვლებიან და ითვლებოდნენ ყველაზე გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებად. ამას, რა თქმა უნდა, განსაზღვრავდა ის ფუნქციები, რომლებიც მათ კანონმდებლობით ჰქონდათ, თუმცა, დიდწილად, მათი ეს გავლენები სასამართლო სისტემის შიგნით, მათ შორის არაფორმალური ნაწილის შემადგენელი იყო. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ მესამე ტალღის კანონპროექტებმა რაღაცები შეცვალა სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენციასა და ფუნქციებში, თუმცა, ცხადია, ეს რეალურ გავლენას მათ სატატუსსა და როლზე სასამართლო ხელისუფლების შიგნით ვერ იქონიებს სწორედ იმ არაფორმალური პროცესების გამო, რომელიც სასამართლო სისტემაში მიდის და, როგორც ვიცი, სწორედ ეს გავლენიანი ჯგუფის წევრები არიან ხოლმე ის კანდიდატები, რომლებიც იკავებენ ხოლმე შემდგომში თავმჯდომარის პოზიციას და ინარჩუნებენ გავლენებს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე,” – განაცხადა სოფო ვერძეულმა.
[red_box]”დასჯადი კონკურენცია” სასამართლო სისტემაში[/red_box]
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში არებობს საფრთხე, რომ ჯანსაღი კონკურენცია იგნორირებული იყოს.
მან ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა დასახელდა, ხოლო სხვა მოსამართლემ, რომელსაც მჭედლიშვილი დაუკავშირდა, უარი განაცხადა კანდიდატურის დაყენებაზე.
“ფაქტობრივად, ყველა კანდიდატმა, რომელიც იქნა დასახელებული თავმჯდომარის პოსტზე, უარი თქვეა კონკურენციაში მონაწილეობაზე. გასულ პერიოდში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრი. აქაც არაკონკურენტუნარიანი გარემო გვქონდა. დასახელდა სამ ადგილზე სამი კანდიდატურა და აირჩიეს სამი კანდიდატურა,”- აცხადებს მჭედლიშვილი.
მისი თქმით, 2012 წელს სასამართლო რეფორმის პირველი ტალღის ფარგლებში პირველად მიეცა შესაძლებლობა მოსამართლეთა კორპუსს, თავიანთი რიგებიდან აერჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, და პირველ ჯერზე კონკურენცია მართლაც მაღალი იყო.
“მაშინ კონკურენტული გარემო საკმაოდ მაღალი იყო. მრავალმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა. მოსამართლეების გარკვეულმა ნაწილმა გაიმარჯვა. ვინც ვერ გაიმარჯვა, ამ მოსამართლეების მიმართ იუსტიციის უმაღლესი საჭოს მხრიდან ამ წლების განმავლობაში განხორციელდა მიზანმიმართული დევნა, ისინი აღარ იქნენ არჩეული თანამდებობებზე და, ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ კონკურენცია მართლმსაჯულების სისტემაში გახდა დასჯადი. ამ მესიჯმა სრულიად იმუშავა. კონკურენცია ნებისმიერ სისტემაში უნდა იყოს წახალისებული, რადგან სახელმწიფოს განვითარება ჯანსაღი კონკურენციის გარეშე შეუძლებელია,”- განაცხადა მან.
[red_box]რას ფიქრობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები?[/red_box]
მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, ვახტანგ მჭედლიშვილი წინააღმდეგი იყო, ხოლო მერაბ გაბინაშვილი და გოჩა მამულაშვილი კენჭისყრას არ დასწრებიან.
საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩინჩალაძეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ გასაუბრებაზე კითხვებს “ამომწურავი, ზუსტი და კვალიფიციური” პასუხები გასცა.
მისივე თქმით, ჩინჩალაძის დანიშვნის საწინააღმდეგოდ “აბსურდული, მოგონილი, თითიდან გამოწოვილი” კითხვებია.
“იმიტომ არსებობს რაღაც კითხვები, რომ ის არ ზის საინტერესო, განსაკუთრებული ბექგრაუნდის ადამიანებთან და არ იხილავს კონკრეტული ქეისის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს,”- განაცხადა მან. ლევან თევზაძემ ნეტგაზეთის კითხვის პასუხად არ დააკონკრეტა, გულისხმობდა თუ არა საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს.
საბჭოს კიდევ ერთმა მოსამართლე წევრმა, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს ჩინჩალაძე ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს, არის “მითი”, რომელიც არც ერთი მოსამართლის განცხადებით არ დასტურდება.