ახალი ამბები

თბილისში თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციას განიხილავენ

25 თებერვალი, 2013 • • 895
თბილისში თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციას განიხილავენ

სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე განხილული იქნება „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის“, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ კვირას მოიწონა.

 

კონფერენციის დაწყებამდე თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, თვითმმართველობის ახალი მოდელი საქართველოში 2014 წლიდან, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ დაინერგება. მინისტრის თქმით, ახალი მოდელის მიხედვით უქმდება გუბერნატორის ინსტიტუტი, ხოლო კონკრეტულ რეგიონს ექნება წარმომადგენლობითი ორგანო მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებით.

 

ნარმანიას თქმით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ როცა რომელიმე სოფელში ფუჭდება თუნდაც წყლის მილი, მოსახლეობა მისი აღდგენის მოთხოვნით სამინისტროს მიმართავს.

 

“თუ სამინისტროს შესაბამისი რესურსი არ გააჩნია, ის ადგილობრივ თვითმმართველობას უკავშირდება, ეს პროცესი კი 1–დან 2 თვემდე გრძელდება. ვფიქრობ, საჭიროა ამის მოგვარება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

სამინისტროს ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

რეგიონული განვითარების სამინისტრო კონცეფციის განხილვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს, რათა მაქსიმალურად მოხდეს სხვადასხვა დაინტერესებული პირისა და უწყების ჩართვა რეფორმის მომზადების პროცესში. მომავალი კვირიდან განხილვის პროცესი რეგიონებში გადაინაცვლებს და სამინისტრო მის მიერ მომზადებულ კონცეფციას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი