ახალი ამბები

ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა

24 თებერვალი, 2013 • • 5443
ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა

“ბუნებრივია, ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის მშენებლობაში. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, უბრალოდ, რა კანონმდებლობაც იქნა იმ პერიოდისთვის და  ყოველ შემთხვევაში ახლა რაც მოქმედებს, ამის გამო მოვხვდებით თუ არა სიაში [პოლიტდევნილთა], ამას დიდი მნიშვნელობ არ აქვს” – განაცხადა ჩხარტიშვილმა თბილისის აეროპორტში. 

 

2012 წლის 13 ნოემბერს ვანო ჩხხარტიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თბილისის მერ გიგი უგულავას, დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავდა. 

 

“ვანო ჩხარტიშვილს აქვს ყველა მტკიცებულება, რაც მის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას დაადასტურებს, ის ამჟამად არ იმყოფება საქართველოში, თუმცა პროკურატურის მოთხოვნის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ჩამოვიდეს”, – განაცხადა  დიმიტრი გაბუნია. მისივე თქმით, ტელეკომპანია “მზის” წილი ვანო ჩხარტიშვილმა დავით ბეჟუაშვილის სახელზე იმის გამო გადააფორმა, რომ მისი ოჯახის დაშინება ხდებოდა:

 

“ამ პერიოდში ვანო ჩხარტიშვილის 8 წლის შვილიშვილი ფაქტიურად გაიტაცეს, ის იყო ჩაკეტილი და დაპატიმრებული, ოჯახს კი ემუქრებოდნენ. ხოლო იმ თანხიდან, 144 000 ლარიდან, რომელიც ჩხარტიშვილს ტელეკომპანიის გადაფორმების შემდეგ უნდა მიეღო, არც ერთი თეთრი არ მიუღია”, – აცხადებდა გაბუნია.

დიმიტრი გაბუნიამ  13 ნოემბერს  სოციალურ ქსელებში და ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოზეც ისაუბრა, რომელშიც საუბარია ვანო ჩხარტიშვილის მიერ გარკვეული ქონების, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მითვისებაზე:

“ვანო ჩხარტიშვილი ამ ვიდეოში მოროდიორადაა გამოყვანილი, ფილმის ტირაჟირება კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”–მა მოახდინა და თავის ეთერში გაუშვა. ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანიას და ვუთხარით, რომ ეს იყო ფაქტის ცალმხრივი გაშუქება. ეს ფილმი ეთერში გავიდა იმის გამო, რომ დღესაც არხის პოლიტიკას გიგი უგულავა წარმართავს”, – განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი გაბუნია ვანო ჩხარტიშვილზე ფილმში არსებულ ყველა ბრალდებას უარყოფს, მათ შორის იმას, რომ ჩხარტიშვილი ყალბი მინდობილობის მეშვეობით იფორმებდა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ქონებას:

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, რომელმაც გამოიტანა მათი გამამტყუნებელი დასკვნა და საბოლოოდ ოჯახს ეს საქმე ძალიან დიდი თანხა დაუჯდა, რომელიც საქმის წარმოებისას გადაიხადეს”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. მან ჟურნალისტებს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა.

 

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებებს გამოეხმაურა ბადრი პატარკაციშვილის ცოლი ინა გუდავაძე.  15 ნოემბერს მან განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პატარკაციშვილის მემკვიდრეები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს სხვადასხვა სასამართლოებში კვლავ უჩივიან.

 

“ამ ბოლო დროის განმავლობაში მე, ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი ახლობლები ისევ გავხდით ვანო ჩხარტიშვილის განცხადებების სამიზნე. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეები უჩივიან ვანო ჩხარტიშვილს სხვადასხვა სასამართლოებში და საქართველოს პროკურატურაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კომპეტენტურ ორგანოებს არ გაუჭირდებათ, რომ გაერკვნენ საკმაოდ მარტივ ფაქტებში და დაადგინონ სიმართლე მედიასაშუალებების ჩარევის გარეშე”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც  ‘ინტერპრესნიუსმა’ გაავრცელა.

 

განცხადებაში ინა გუდავაძე არ ადასტურებს მისი და მისი ოჯახის მონაწილეობას ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გადაღებულ სიუჟეტში, სადაც ჩხარტიშვილის მხრიდან პატარკაციშვილის ქონების მიტაცებაზეა საუბარი:

 

“კლიპი ჩვენი მონაწილეობით ან დავალებით რომ შექმნილიყო, ლაპარაკი იქნებოდა კიდევ მრავალ აქტივზე, რომელიც, ჩვენი მტკიცებით, ბადრის გარდაცვალების დროს მის კომპანიებს ეკუთვნოდა და გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხანში ვანო ჩხარტიშვილის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში აღმოჩნდა”, – აცხადებდა  ინა გუდავაძე.

 

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტელეკომპანია “მზეს” და იმას, თუ ვინ იყვნენ ამ არხის მფლობელები, არანაირი კავშირი არ აქვს მათი ოჯახის მიერ ტელეკომპანია “იმედის” დაბრუნებასთან.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი