ფილიპინების სამხრეთით მდებარე ქალაქი მარავი უკვე ერთი კვირაა, რაც “ისლამური სახელმწიფოს” მომხრეების გავლენის ქვეშაა, მიმდინარეობს დაპირისპირებები არმიასთან, რასაც სხვადასხვა სააგენტოს ცნობით, 100-მდე ადამიანი შეეწირა.
The Guardian-ის ცნობით, ფილიპინების მთავრობამ “ისლამური სახელმწიფოს” შემოტევის შესახებ ოფიციალურად განაცხადა მას შემდეგ, რაც სამხრეთით მდებარე ქალაქ მარავიში “ისლამური სახელმიწფოს” დროშა აფრიალდა, ხოლო ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები მიატოვა.
გამოცემის ცნობით, არმია ჩართულია სისხლიან დაპირისპირებაში ისლამისტ მებრძოლებთან და აცხადებენ, რომ აჯანყებულებს შორის არიან უცხოელებიც.
BBC-ის ცნობით, არმია აცხადებს, რომ აჯანყებულები ქალაქის მცირე ნაწილს აკონტროლებენ და მხოლოდ 2 000 ადამიანია, ვინც საკუთარ სახლებში ვერ ახერხებს დაბრუნებას, თუმცა მარავის მეზობელ ქალაქში იძულებით გადაადგილებულებისთვის თავშესაფრებია გახსნილი.
BBC-ის ცნობით, პრეზიდენტმა როდრიგო დუერტემ კუნძულ მინდანაოზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, სადაც მდებარებს ქალაქი მარავი.
ვითარება გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ მთავრობამ წარუმატებლად სცადა ისნილონ აპილონის დაკავება, რომელიც მთავრობის მტკიცებით, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერია ფილიპინებში და ამავე დროს დაკავშირებულია მოძრაობა “მაუტესთან”.
სწორედ რომ მოძრაობა “მაუტეს” წევრებს ასახელებენ ამ კონფლიქტის დაწყების მიზეზად, რომლებიც წარუმატებელი სპეცოპერაციის შემდეგ ქუჩებში გამოვიდნენ და მთავრობის ჯარებს დაუპირისპირდნენ.
ფილიპინებში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, მარავის “ისლამურ ქალაქს” უწოდებენ იმის გამო, რომ მისი მაცხოვრებელი, რომელთა რიცხვი 200 000-ია, ძირითადად მუსლიმებია.