ახალი ამბები

კომპიუტერში უნებართვო შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

29 მაისი, 2017 •
კომპიუტერში უნებართვო შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. შსს–ს განცხადებით, დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები საკრედიტო დაწესებულებების კუთვნილ 15 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ.

შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით თბილისსა და გორში 5 პირი: 1989 წელს დაბადებული ლ. ბ., 1977 წელს დაბადებული ბ. ფ., 1984 წელს დაბადებული რ.ლ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ე. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.თ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის ინტერნეტ ბანკის პირადი მონაცემები მოტყუებით მოიპოვეს და მათი გამოყენებით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხები აიღეს. შსს–ს ცნობით, სესხის დამტკიცების შემდეგ დაკავებულები ფულს მათთვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე რიცხავდნენ, საიდანაც ხდებოდა თანხის განაღდება.

გამოძიება კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი